пятница, 29 апреля 2011 г.

პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili

***

***

ტოროლა იტყვის
ზედ ხერხემალზე გადამტვრეული,
გადათქერილი სული-ტრამალი,
გამოშანთული ვნება-ტრფიალი,
არსით ნათელი და მომავალი

განწირულია შენი ვედრება და
სიყვარული შხამად გეღვრება,
ცეცხლი ნელდება,
ღვარძლი დედდება,
სიკვდილი სიკვდილს გადაეყრება

იწივლებს ძერა ლეშზე დამხტარი,
სვავი ფრთას გაჰკრავს,
მძორს დააცხრება,
იქვე აფთარი გამოუხტება,
და მწუხრში სისხლი გათქაფუნდება

მერე იმ სისხლზე, იმავ მწუხრიდან,
ია და ვარდი ამონათდება,
ჩამოიქროლებს სიტყვა-თილისმა,
ხვალის იმედი წამოფრინდება

სვავი სვავს შეჭამს;
აფთარი _აფთარს,
ძერა სხვა მხრისკენ შეჰკრავს ირაოს,
ორბი მთას წავა, _
ყორანი _ყვავთან,
ტოროლა იტყვისდილა-დილაოს”…
***


მოახტები, გააბამს ყროყინს
ფრთხილად ძმობილო!
რომ გგონია,
ეშმაკს ცეცხლს უნთებ,
მაცდური აგერ,
გვერდით გიზის,
სავარძელს ურწევ
ფრთხილად ძმობილო!
რომ გგონია,
მტერი გათელე,
დახე,
მოყვარეს გაჰკარ მხარი
და გადაჩეხე
ფრთხილად ძმობილო!
რომ გგონია
ანგელოზს მოჰგავს,
ის რა ხანია
სხვის ქმართან როკავს
ფრთხილად ძმობილო!
რომ გგონია
თეთრონი გელის,
კართან ვირი დგას,
მოახტები, _
მოჰყვება ყროყინს


***
უთხარ ქართველო!
ნახევარკაცებს, მაღლებს თუ დაბლებს,
წოწოლებს, ჯუჯებს, მოცეტო ახვრებს
უთხარ ქართველო, _ თუმცა კი მავნე,
ღმერთი ცხვირიდან ძმარივით გადენს!..
***

***

შურის სარკმლიდან...
ჯერი მოვიდა
ძმად შეზრდილმაც გატეხა ნავსი _
მოინანია _ შურს ვეყმეო,
გიმუხთლე ასგზის
ვერ მოითმინა კაცმა ქველმა,
და მოსდო ყბაში,
სატანამ მაინც იზეიმა,
შემოჰკრა ტაში
***

გააყოლეს კაცი ნაგავს
კაცი ნაგავს გაყოლეს,
გაყოლეს კაცი ნაგავს,
უანგარო, წრფელი ზრახვა
შეეწირა ხეპრულ მადას

ვინც მართლის თქმას ამჯობინა
პანერგიკის თხზვა და რანდვა,
ხალხშიჭკუითმან ივარგა _
ვერ იგუეს სულხან-საბაც

***

უგუნურ კაცსა ერიდეთ
საღ ნათქვამს ალღოს ვერ უღებს,
თავისი ადლით ერთობა,
უგუნურ კაცსა ერიდეთ,
გიჯობთ ლაღ ლექსთნ ერთობა

***

ჩასაფრებულ "ძმებს"…
ჩასაფრებულ "ძმებს"
ვუთვლი შენდობას
სანამ დასცემდნენ თავიდან ბანაკს,
სანამ შეკრავდნენ მორიგ პირობას,
სანამ ალესდნენ დასაკლავ დანას

დახეთ ცრუკაცი, ვაჟკაცს რომ ბაძავს,
უკვდავთა ველზე
მარჯვედ შლის კარავს
მაგრამ განგება ამოსდებს ლაგამს,
და ბლეფ ტიტულთან გაუთხრის საფლავს

აღარ დაუფენ ღორებს ბისერსა
და არ მიჩქმალავ საკუთარ ძალას,
და აღარ გასწევ გულმოწყალებას,
რომელიც შენს ერს ბარაქას პარავს
***

რაღაი ერთხელ
რაღაი ერთხელ დაფასდა ნეხვი,
ნეხვის მპყრობელსაც დაედო ფესვი,
ბოლოს არიდებს ვითარცა ყვავი,
მაგრამ იმ ნეხვზე ყვავის და ყვავის
***

მტერი, რომ მოსდგამს ჯიში
უშნოდ დაკაცებულს ვაჟი სჯობს,
უშნოდ გახედნილს _ კვიცი,
უშნოდ მოშურნეს გერჩივნოს,
მტერი, რომ მოსდგამს ჯიში

***

***

რომ არ დაბრკოლდეს
ილოცე ლაღად და შენანებით,
ცხოვრების წესით, სხვათა სიმძიმით,
ილოცე მტრისთვის,
რომ არ დაბრკოლდეს _
და შეიმოსოს სიქველის ნიჭით

დღეს უამრავი ზისდიეტაზე”,
ზოგიც მარხულობს მოწესის შიშით
და სხვათა ხელით ნარის გლეჯაა,
მათი ცხოვრების წესი და რიგი

ილოცე ისე, თითქოს ლოცვაში,
სიტყვად ჩასახლდი და განსხეულდი
აჰყევ ვედრებას ციურ სანახში,
წინაპრის ნირზე გამიერთგულდი
***

ლამის სისხლიც გაიტყუოს ამ ხმებმა
ერთად ყოფნის ზღვა სურვილი მოვარდა,
გულისძგერა სიყვარულით დაფერა _
გამარჯვება, ქველთაქველმა იმარჯვა!” _
შემოსძახეს საქართველოს მთა-ველმა

მღერის ტკბილად მეწამული პლანეტა
ციდან მესმის შენი გულის ბგერაც,
ლამის სისხლიც გაიტყუოს ამ ხმებმა,
მიუერთდეს ქართველთ ციურ ფესვსა
***

დავუბრუნდეთ სავანეს ჩვენსას
ტრავესტი გროტესკული ნიშნით
დროა გავშიშვლდეთ,
შევიმოსოთ ჩვენი ცოდვებით,
შემოვიძარცვოთ
ეს საეჭვო ლეღვის ფოთლები,
დროა გავშიშვლდეთ,
წრფელად ვიგრძნოთ
სიშიშვლის გემო,
სხვათა თვალთვალით
ხომ ამაყობს პატარა ბენო,
თუნდაც ივანე,
თუნდაც ნიკი,
ან სულაც პედრო,
თავად ბაბუც კი,
უკვე დროა პირწმინდად
გვენდოს
ნუღა ვკეკლუცობთ
ბრმა სიმორცხვით,
ნავსი გავტეხოთ,
ედემის ბაღში დათესილი
იჭვი განვთესოთ
დროა გავშიშვლდეთ,
შევიმოსოთ ჩვენი ცოდვებით,
შემოვიძარცვოთ
ეს საეჭვო ლეღვის ფოთლები

***

ფარულმა გზნებამ
ფარულმა გზნებამ
თვით მთვარესაც შეუნთო ცეცხლი...
ის კი, ვაჟია მოზიდული ქალის საცქერლად,
ვერ დაიოკა ღრმა სურვილი ზედმეტი რიდით...
და ჩახვეული აღტყინების იქცა სათრევად!

***

***
წითლად
ღუოდა ვიღაცის ნატვრა

იგი აშკარად მათხოვრობდა,
სხვათა აზრებით ივსებდა ქალას,
დაეპატრონა იდუმალ სურვილს,
დაბნეულ კაცის ოცნებას ჰგავდა

შეათამაშა, შეჰყვა, ამჩატდა,
წითლად ღუოდა ვიღაცის ნატვრა
სხვის ოცნებაში გაინავრადა და
სასიცოცხლო წაერთვა ძალა

ასე, ამგვარად, სული პოეტის _
ოცნებებით სავსე ყულაბა,
შემოემსხვრევა კვლავაც ვიღაცას,
და ვერ მოასწრებს ნადავლის დათვლას
***

ფახი
აბოჟირდება
კაცი დიდგულა,
კვლავ ძველი ფახით
უტევს სამყაროს,
აქვე, ახლოს კი, ეშმა იცინის,
და გადამალულ საგნებთან იცნობს
***

უფალი გედგა ალბათ თავდებად
ვინც ქიშპზე, ზიზღზე მოითბო ხელი,
მრავლად ებოძა ნაცვლის წოდება,
დროის ტკივილით ჩამოშლილ კედელს
ძეგლად დაედგა ყალბი დიდება

ძალად-მაცხონე მეურვის ჟინით
მკვიდრად მოერგო ნაცად დროებას,
და ავი ფიქრით ნაკვერი დღენი,
ხოტბით შეუმკეს კარის მგოსნებმა

მათაც საკბილოს გამოჰკრეს ხელი,
პრიზს თუ პრემიას _ ”უკვდავ ოცნებას”,
გახდნენ უაზროდდიდნი და ბრძენნი”,
ბევრს აებურდა ფლიდი გონება

მხდალმა სიმართლეც გიგცია ფარსად,
და ქარაგმული გახსოვს ბრალდება:
-
თავი, რომ შეგრჩა კისერზე საღად,
უფალი გედგა ალბათ თავდებად


***
წავიდა წუხილი, პირი იბრუნა
დაეშვა ნათელი და გრძნებით შეავსო,
იქ, გულთან ჩამთბარი თოში და ყინვა,
ამოხტა ნერვიდან შეგრძნება-ზამბარა,
განერთხო ტვინზე და გაიტრუნა
ტაეპმა სიცივე იმგვარად გაათბო,
წავიდა წუხილი, პირი იბრუნა
***

***

შინაგანი ხმით ნამღერი

რიცხვი თოთხმეტი

რიცხვი ცხრა,

აპრილის თვეში ნაკვერი,

არის ქართველთა ერთობის,

ჯიშის, ჯილაგის თუ გენის

ზეცად აჭრა და ნავარდი;

შინაგანი ხმით ნამღერი,

მამულიშვილურ ოცნებით

იდგა ქართველთან ქართველი

***

და გზაში ახლა მაინც ფერხდება...
დაეძებს ყველას, ვინც კი დაკარგა,
ვინც კი გავიდა მისეულ გზიდან,
რამდენი ჩარჩა სუფრის თამადად,
ვიღაც კი უშნოდ დაეშვა მთიდან...

დაეძებს ყველას, ვინც დაიკარგა,
ვინაც დაკარგა ფერთა შეგრძნება,
დროს შეუშინდა და გაილალა,
და გზაში ახლა მაინც ფერხდება...

***
ვიომეთ რაკი
არვინ იფიქროს
დამპატიჟეს რჩეულთ ნადიმზე
მინდა, უბრალოდ შეგახსენოთ ძველი არაკი
სატკივარი თუ მოგვერია, რის მაქნისი ვართ,
სიმხნევე გვმართებს, შეფხიზლება, ვიომეთ რაკი

***

და ღორს მიჰქონდა ჭიანი ვაშლი
მოჩვენებითი ყოფის სურათზე,
შველას ითხოვდა უმწეო აზრი,
თავი კი იდო გაშლილ სუფრაზე,
ძილს მისცემოდა ამაო არსი

გადაფერდებულ შუბლზე ნაოჭი,
იტევდა მხოლოდ სიბერის ნაწილს,
თვლემდა საზრისი ციურ საშოში
და იმშვენებდა ღრუბელი მანდილს

და მასპინძლობა ასე ნაქები
იავარქმნილა, წაშლილა კვალი,
და იწყევლებოდა მალვით სიდედრი,
სიძის ძაგებით დამდნარი ქალი

არადა, იყო სიტყვით ალერსი,
სადღეგრძელოთა უწყვეტი მარში,
ცხოვრება ჩანდა ენით ნალესი,
და ღორს მიჰქონდა ჭიანი ვაშლი
***

და უფრთხის ნაკაწრებს
გულადობს, ხმიანობს,
ავრცელებს მუქარას,
მაგრამ შველაში
ფრთხილია ძალზე,
ვაჟკაცურ საქციელს
ნიშნს უგებს მკვეხარა და
უფრთხის ნაკაწრებს
საკუთარ ტანზე
და საფრთხით შემკრთალი,
იოლად გიმუხთლებს,
მიიჩნევს,
რომ მაინც ვეღარას გარგებს,
ვაჟკაცურ საქციელს ვერ ჰგუობს,
ნიშნს უგებს,
მიტომაც შველაში ფრთხილია ძალზე
***
***

სხვათა ამაგით
შინაურებში,
სხვაგვარ ჟინით
იყოს პირველი,
უპირველესი
კრედო არის
გარკვეულ კაცთა,
ყოვლისმხედველი,
ყოვლისმხსნელი,
ყოვლისმომცველი,
ყოვლადძლიერი
და მადლი კაცთა
მისგან იკურთხოს
უნდა საქმე,
თვით უმნიშვნელო,
მისგანიბარტყოს
უნდა აზრმა,
ასგზის ნაცადმა
და შენაძენი
სხვათა ამაგით,
იქცესწყალობად
მისეულ ძალთა
***

ყალმითა ყალბით
სატირა ლიტხედვით
ცას არ აკლია სიახლე და
დიდება სიტყვის,
ცას არ აკლია გაბრწყინება
თამამი აზრის
მორითმე კაცი აწაპნილ ტაეპს
ამაყად აზის,
ვერ გამოჩეკა მცირე აზრიც
და მაინც აზის
ანტიკურ სიბრძნეს საღი ადევს
ფერი და მადლი,
თუმცა ვაგლახობს გადაფეროს
ყალმითა ყალბით,
მაგრამ ვერ იქნა,
ვერ შეიცნო
ის სიბრძნე პრანჭვით,
უვიცის შეძლო გაბრიყვება
ქურდული ბაძვით
მორითმე კაცი აწაპნილ ტაეპს
ამაყად აზის
და ყელყელაობს ცაში ნაწრთობ
პოეტთა ზრახვით
ფსევდოტალანტი, პლაგიატი
დაგვმოძღვრავს ფახით,
მოაზრე კაცის დამცემია
გესლით და მალვით

***

ბისკვიტი პირში იწყებდა ტიტინს
ვინაც ვერ ჰპოვა შვება ძაძებში,
მხიარულ ფერებს შეაბა ძაფი
რადგან ტყვე იყო ურჩი განცდების,
ჯერ კიდევ მაშინ

ამოიყვანა ქორფა ბისკვიტი,
მსუბუქ ნამცხვარში შენიღბა ნიჭი,
ბისკვიტი პირში იწყებდა ტიტინს,
მოხიბლა ბევრი ყოჩაღი ბიჭი
***


***

ბერწ ღამესთან
მას გაგიჟების ჰქონდა იმედი
და ზმანებების მორევს მინებდა,
ის დღეც შესწირა სამსხვერპლოსავით,
ასე ინება
მერე იწვალა,
ივაგლახა სიკვდილზე ფიქრით,
გამოსჭრა ყელი საღამოს ბინდით,
იფრინა ქალი ქვეშქვეშა, ფლიდი
და ბერწ ღამესთან გააბა ფლირტი

***

ჩარჩა მუდარა
ფარულმა ლტოლვამ,
ისე მალვით გაანადგურა,
რომ ვერ მოასწრო
მცირეოდენ ძალის მოკრება,
და ჩარჩა მასში,
როგორც ტყვია, მისი მუდარა
***

ერთს სხვათა აზრი ჰქონდა ნაკენკი
უკვდავს
ნაძარცვი შერჩა კვარცხლბეკი,
მოკვდავი გაჰყვა ფერთა დინებას
ერთს სხვათა აზრი ჰქონდა ნაკენკი,
შეეძლო განცდის გადმობირებაც!

უკვდავს
ნაძარცვი შერჩა კვარცხლბეკი,
მოკვდავი ლოცვას და ბედს მინებდა
ერთს ტიტულები ამკობსნა ვეკი”,
და შეძლოაზრისგადმობირებაც!

უკვდავს
ნაძარცვი შერჩა კვარცხლბეკი,
მოკვდავის ლოცვა სხვაფრივ ღვივდება,
ერთს ბოღმა გაჰყვა,
ბოღმად არეკლილს,
ახლაც სურს ქვეყნის გაბითურება!

უკვდავს
ნაძარცვი შერჩა კვარცხლბეკი,
მოკვდავი აღსდგა, ღმერთმა ინება
ის კი, იმ კვარცხლბეკს იდგამსნა ვეკი”,
და მისთვის უკვე აღარცბინდდება!..”
***

ახედე ზეცას
ახედე ზეცას, აგერ ღრუბელი,
ქათქათა, ვითარც წმინდა სახება,
თავზე დაგცქერის სიმხნევით გავსებს,
აწრთობს და ფერავს სუნთქვას, ღირსებას

***

***
ვისაც ახელებს სიფხიზლე შენი
თუკი მოშურნე გმასპინძლობს კაცი,
ჭიქას ჩასცქერის ავსულის თვალით,
გიჯობს ისაფრო ალღო-გონება;
არ იქცე მძევლად ფლიდური ზრახვის

ვთქვათ გახდი ბეცი ან უშნოდ ანცი,
გაგებნა გონი და მართლაც წახდი,
ნაცადი ლოცვის თანმყოლი მადლით,
იფხიზლე გონში და ხიფათს აცდი

და თუ კეთილმა კვლავ სძლია ავსულს,
მფარველ ანგელოზს მორჩილებ, შვენი
ნუ დაიგულებ მასპინძლად მაცთურს,
ვისაც ახელებს სიფხიზლე შენი
***

ქიშპით მოვედით
ისევვიმარჯვეთ”,
კვლავ ვიმკით ნაყოფს,
ქიშპით მოვედით და ქიშპმა დაგვყო
ნუთუ ყველაფერს აკლია მადლი,
ამ ჩვენს განსჯას და ხმამაღლა ქადილს,
ნუთუ ყველაფერს გამოხრავს დარდი, _
ხან რესპუბლიკა, ხან პრინციპატი
***

ნასესხებ შეგრძნებებს
გონებას აწვება,
გონებას შესტირის,
ნასესხებ შეგრძნებებს
მიჰყვება ცეცებით,
და როცა ღრიჭოდან
სინათლე შესცინის,
ხარობს, ემსგავსება
იდუმალ განდობილს

წაქცეულ რვიანად
მონათლულ სივრცეში,
ჩამკეტი წრენასკვის
გრძნეული დაძლევით,
უნდა, რომ შეივსოს
დიადი სისრულით,
ილტვის და
თვალთმაქცობს
ვითარცა ფაკირი

მიწის ბირთვს, ვარვარას,
ნაკლებად შეიცნობს,
მის ფეხქვეშ, რა ხდება
ნაკლებად განიცდის,
არადა, სამყარო სხვა
თრთოლვით აზროვნებს,
მხურვალე გულებში
რიტმს აქსოვს სატურნი
***

***

როს ლოლუებსაც მოედო ალად
ელავს და ელავს,
სულწასული ვნება მძვინვარებს,
გზად უმცხუნვარებს
გალეშილ მადას,
ჩრთილოეთამდე
ვარდი,
ისე გზნებით ელვარებს,
რომ ლოლუებსაც მოედო ალად

***

ბოლოს ლექიც იმოსება
ჩაიბარეთ ეს ქალაქი,
ეს ქალაქი ფერმკრთალი,
ეს ქალაქიც იქცა მძევლად,
ჩარჩთა ჯიბეთ მკვებავი

ეს ქალაქიც იქცა ფარსად,
გაასხვისა ნუგეში,
ჩაიკარგა წრფელი განცდა
ლამაზმანის უბეში

ჩაიბარეთ ეს ქალაქი,
შიგ ჩარჩით და ჩაშაქრდით,
ბოლოს ლექიც იმოსება
გაზაფხულის ბალახით

***
ბლიც-დემოკრატის...
დემონსტრაცია _
თავისუფლების მძლავრი ფრაქცია,
მიტინგად შედგა
გაძვრა ორპირი, დრო იხელთა,
უყელა წარსულს… _
ბლიც-დემოკრატისშედგა პარტია!


***
იტყოდა ხოლმე
ეჰ, ჩემო კარგო,
იტყოდა
ხოლმე ზოსიმე ბერი,
ენა კარგი გვაქვს,
მაგრამ ბილწად
რისთვისღა ანგლობთ?!
ღვინის ხათრითა შეიკავეთ,
მაინცა თავი
ღვინო ღვინოა და
ამრიგად
არც არვის ათრობს
***

ხარკად გაიღო

დრო მოდგა ყვავილთ

გარდაცვალების

ცხოვრება მიდის და ქანაობს,

ვითარც ლერწამი,

აგერ , ღირსს ქვრივსაც გასჩენია

სხვა საზრუნავი;

ხარკად გაიღო სევდა ლამაზი

***
გაგრძელება >
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...


ჯანრი გოგეშვილი

სიზმრიდან ცხადში
პოეზია

***

***

***

***

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

========
  • =======
  • © გახსოვდეთ!..
    ”საავტორო უფლება”




Комментариев нет:

Отправить комментарий