понедельник, 26 апреля 2010 г.

პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili

***

***

მუდამ შინისკენ
და ჩვენ მივიწევთ დასავლეთისკენ,
აღმოსავლეთის გზების შემოვლით,
გზაში ვისწრაფვით მუდამ შინისკენ,
და შევეჩვიეთ უწყვეტ მოლოდონს

***

შენ რომ გინდა...

შენ რომ გინდა, ცას არ უნდა,

სიყვარული ზღვასაც უნდა,

ცა ხალისობს, ისვრის გუნდას,

მზემ საზღვრები გადაბუგა...

შენ აჩმახო, სხვამ გეფეროს,

არ გამოვა ქვეყნის ხურდავ!

აუვიდა მიწას ბუღი...

მოფერება მზესაც უნდა,

აუჩვილდა ყინულს გული,

წყალდიდობა სოფლებს გუდავს...

შენ აჩმახო, ცამ გეფეროს,

არ გამოვა ქვეყნის ხურდავ!

ფულის შოვნის ისტერია

ტვინებს, მიწას ბურღავს, ბურღავს...

და სინდრომი ტელემართვის

ნაღდ აზრს ქირდავს, ფშუტეს ბუქავს!..

შენ აჩმახო, ჩვენ გეფეროთ,

არ გამოვა ქვეყნის ხურდავ!

***

ამას გვედრი

ინტრავერტი!
ექსტრავერტი!
ნუ იქნები მეტისმეტი!
ვისთვისგარე…”,
ვისთვისშიგა…”
და გტკიოდეს
ქვეყნის ხვედრი
თუკი ლაღობ,
სხვაც ალაღე,
იქართველე,
ამას გვედრი

***

შენ მიეჩვიე გაწაფულ ტყუილს
სასოწარკვეთა აგიბნევს გზა-კვალს
და კვლავ შეიგრძნობ სიკვდილის გემოს,
ციური სხივი აგიხელს თვალს და
აღარ გეთმობა სიცოცხლე ბოლოს

ის მიეჩვია გაწაფულ ტყუილს და
კვლავაც გიშლის ჩვეულ პასიანსს,
შენ კი, ეს გული ხელებში შეგრჩა,
უნდა აფეთქდეს, თუკი მადლი აქვს

***

იელვებს ავად...
ის დაიჭრება!
წითელ დროშაზე
კვლავ შეუცნობი
დარჩება ლაქა
ვინც აფერადა
ფიქრი, ოცნება,
ვეღარ შეესწრო
ამ დღეებს, ვაგლახ!..
ვინაც იბარტყებს
იმ ოცნებიდან,
ის ამ დროშაზე
აღმართავს ალამს
და შეუცნობი
ლაქის წიაღში,
სულ სხვა სიწითლე
იელვებს ავად!..
***



***

ქვეყნის გადაბელვა
შხამად იქცა და სამსალად
სულ უბრალო წყენა,
სულ უბრალოდ გაკენწლილმა
წამოიწყო ღრენა;
აიფოფრა, აიძაგრა,
მოჰყვა ძმათა რბევას,
და დაბრალდა ცაზე ვარსკლავს
ქვეყნის გადაბელვა
ცუდად გაგებულმა ისტორიამ,
ცუდად გაგებულმარწმენამ”,
მძლავრად ჩააბუდა ძმათა შორის
განხეთქილება და წყენა...

***

რაც არა ჰგავსცხოველთ სისხლსა”…
აუ, როგორ აიწყვიტა
ამ თავნება ცხენმა,
მინდორს თელა ყვავილები,
ცრემლი ღვარა ბევრმა
სისხლისფერი ყაყაჩო კი,
ცხენის ფლოქვებს ფერავს
ვინაც მერანს აღტაცებით
მიადევნა მზერა, _
ფლოქვთა მისთა ნაოხრალი,
ვერ შენიშნა, ვერა
რაც არა ჰგავსცხოველთ სისხლსა”,
აღიქმება წვენად
აუ, როგორ აიწყვიტა ამ თავნება ცხენმა

***

და ალერსად
ცის წიაღში ცის ნიავმა
სიყვარული აკენკა,
და ალერსად შემოეწნა
ჩვენს კოპწია პლანეტას
ზოგმა გოგომ ზოგი ბიჭი,
სასიკვდილოდ დაგესლა,
ზოგმაც კიდევ ბიჭის ბიჭი
სავაჟკაცოდ ალესა
ზღაპარქალა იაიამ
ბებოს ბაღჩა დათესა,
სამკურნალოდ ინიავა
ყვავილების ალერსმა
არც იფიქრო, არც იფიქრო,
ნუ ხარ ბიჭი თავნება,
ემაგ გოგოს გაბრაზება,
უფალს არ ეამება
***

***

მერე, როცა იმ გუბეში ერთიც გაიშხლართა
გამოვიდა და კარს იქით დააფურთხაიქსმა”,
და ამაყად შემობრუნდა სისუფთავის ცნებით,
მერე ძაღლი გაიყვანა აქნევინა ფისი,
გუბედ იქცა ის ნაფურთხი ჩამვლელების ნებით

მერე, როცა იმ გუბეში ერთიც გაიშხლართა,
ცოლმა სახლში არ შეუშვა; ”უი, რავა ყარხარ?!”
თანაც, ”იქსზეგაიფიქრა, რა სუფთაა, მართლაც…_
თავს დახრის და შემჩურჩულებს იასამანს გავხარ

***
თავისუფალ პრესას აზის
ინვექტივა…”
გემტერება შინაბერა,
თან მოლექსე ქალი,
ნომენკლატურ პოეტებში
გიშრად უჩნდა თავი!
გეიშობდა, იმშვენებდა
პოეტესას ხარისხის
ახლა ყავლი გაუვიდა,
შეემატა ხანიც
ვეღარ იტანს მამრს, მამაკაცს,
სიტყვის მადლს და ვაი,
გაუმძაფრდა ძველი სენი _
და გესლს ანთხევს ფარვით
ტვინსა შიგა გაუფარჩხავს
მჭლე ცენზორის კლანჭი,
თავისუფალ პრესასაზის
ნომენკლატურ გავით

***

სხვის სიყვარულში იწვის და ხარობს
კონტრასტი
კაცი ქალს ეტრფის,
ვნება გზას იკვლევს,
ტელეეკრანი ცხოვრებას ჯაბნის,
ოჯახის ქალი ღვარძლით ივსება,
სასიყვარულო წაერთვა ჯანი
ქმარს ვეღარ ჰგუობს,
ვეღარც იმეტებს;
სხვის სიყვარულში ბორგავს
და შმაგობს,
სხვის სიყვარულში იად იშლება,
სხვის სიყვარულში იწვის და ხარობს
წამოხურება ნდომა ჰგონია,
არც იცის ავ ზნეს რით უმკურნალოს,
ვეღარა ხვდება რა სად იღვრება,
ბუნება რისგან, რას გამოადნობს
ტელეეკრანი ცხოვრებას ჯაბნის
სასიყვარულო ინტრიგით ანცობს,
ქალსაც და კაცსაც მალვით განკარგავს,
ვნებათა სპექტრით ბორგავს და შმაგობს
***

***
ყველამ თავისი მოქსოვა ბადე
არც არაფერი ხდებოდა თითქოს,
თითქოს არც იყო წყენა თუ დარდი,
დღე იდგა მშვიდი და მზისა ბანგით,
ტკბებოდა მინდვრად ველური ვარდი

რა მცირე ჩანდა ეს ჩვენი ღვაწლი,
ღვაწლი, რისთვისაც მრავალი დავთმეთ,
ყველამ თავისი მოქსოვა ბადე,
ვინ პარკს იკეთებს, ვინ _ იგებს მახეს

***
მომავალს, რასაც ოცნებაში არ უდევს წილი
და როცა უკვე მიილია მრავალი წელი,
შმაგი სურვილი თითქოს ჩაცხრა, _
გაღწევის ჟინიც,
შენ შენს მომავალს ჯიუტად ელი,
მომავალს, რასაც ოცნებაში არ უდევს წილი

ყველაფერს, მაინც გადაძალავს სიცოცხლის გემო,
სუნთქვა ციური, სამყაროსთან მიალერსების,
სადღაც ლოდინში წამოფრინდა ნანატრი წამი,
სიცოცხლე უნდა აღორძინდეს მთელი არსებით

ვინღა შემორჩა ამ ქვეყანას მხოლოდ ვედრებით,
ვინღა იმეფა თვის ვნებაზე სრული მეფობით,
ვინღა იქცევა ისე წრფელად შინაგან ნდობით
თუ არ შეიგრძნო გარდასახვა, კნინდება გონი!

***
ქრისტესთვის სულელს _ მრავალჟამიერ!
გიჟური ფანდით კურნება სენის _
იქმენ სულელი და გახდი ბრძენი
მოვიდა ჟამი სალოსურ სიბრძნის,
დაშვრა ქადაგი, ჯიუტად იბრძვის

ყავრის ლურსმანი კედელს ამშვენებს,
ქალი ზედ კიდებს იების კონებს,
შენს გამოხედვას მაგონებს ძლიერ _
ლურსმანი ყავრისიმშვენებს იებს

გონზეუარი, გონიერს ძალუძს,
წმინდა ხატებას ეფარვის სული,
წინასწარმეტყველს, სწრაფვაში მალულს,
ქრისტესთვის სულელს _მრავალჟამიერ!

***
გული ნაოცნებარი
კითხვას გადაეჩვია დღეს ასობით მკითხველი,
თამაშ-თამაშ, უვიციც გახდა მიმომხილველი,
ქარაგმებით ღვივდება "პოლიტსახის" იმიჯი,
ტელეეკრანს შეაცვდა შვილიცა და მშობელიც

და ოცნებაც არ ელავს, არის მიუსაფარი
გახსოვს? ლექსის ნაპერწკალს
გაურბოდა მზაკვარი...
ახლა, თითქოს წრფელ გრძნობას
მიაყარეს ნაცარი,
მაგრამ მაინც გუგუნებს გული ნაოცნებარი
***

***
ორატორი კი ამაყობდა
სიზმრებს კრძალავდნენ
სცენის სიღრმეში
დაშვებული ნათლის სვეტი
ჯვარედინად გადაეხაზათ
ორატორი კი ამაყობდა,
ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _
ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა
სმენადახშული,
თვალდათხრილი
სიცოცხლე თვლემდა
ვრცელ დარბაზში, და
თავისთავად იქნევდა ხელებს
ღიმმოჭედილი ნიღბების ქვეშე,
ცნობიერების ბერწ საშოში
მსუნაგი კუჭი განაბულიყო
ორატორი კი ამაყობდა:
ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _
ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა

***
უნდა ამხედრდე
უნდა ამხედრდე და გახდე ქველი,
მთვარე, შენს სასმის სიტკბოთი ავსებს,
ქალი რჩეული და მომხიბლელი,
ოცნებით ილტვის და იმედს ბადებს

ვარსკლავი, ზღაპრულ სიყვარულს გაწვდის,
შორი მანძილით გიმღერის მწველად,
არის სიმშვიდე იმგვარი განცდის,
რომელიც შენში იდუმლად ღელავს
***
თავად იქცა უარყოფილად
ნიჰილისტს მობეზრდა,
ძალიან მობეზრდა,
ეს საუკუნე
ნიჭიერებით მობერებული,
და ჩაიფიქრა სასაკლაო _
მსუყე აზრების,
თავშესაქცევი
საკნატუნას დასამზადებლად
მერე კი, თავად აყვა ცდუნებას,
ჩეშვა იქით, ყველაფრის იქით,
სადაც სიცოცხლე იყო ნუგბარი,
და სხვა სიცოცხლეს ასაზრდოებდა
რახ! წუნი დასდეს,
უარმყოფელი,
თავად იქცა უარყოფილად
გენიოსი ვარ!..”, აყვირდა ფიცხლად,
დასტურს ითხოვდა
მერე აივსო ჩვეული ბოღმით,
და სხვა სიცოცხლემ, გაოცებულმა,
დედამიწისკენ გადმოაფურთხა
***

წყობა პირველი
ბახ, დისციპლინა! წყობა პირველი
ქაოსი სრული და შიგ დიქტატი,
კვლავ დინჯად გვისპობს
სიცოცხლის სურვილს,
დემოკრატიის მტკიცე გარანტი”…
***

***
ვერ იქცა ფრთებად
და მიწიერი სურვილთა ფესვი,
ისე ღმადაა ჩაზიდული
გრძნობათა ტევრში,
არცა ახალი, არცა ძველი
ლექსად ნანატრი,
ვერ იქცა ფრთებად,
ცად ვერ ავმაღლდი
ლოცვა-ვედრების საფანელით
თუმც კი გავკაჟდი,
ვედრების ფრთებზე
მე ვერ დავსახლდი
მძალავს, მაბრკოლებს
სევდა და დარდი,
ურჩი წადილის,
ყმაწვილურ ზრახვის
არცა ახალი, არცა ძველი
ლექსად ნანატრი,
ვერ იქცა ფრთებად,
ცად ვერ ავმაღლდი
***

გაუმხელელი
ჩაქრა ნათურა, _
კაცმა სანთელი მოიხელთა,
ასანთი ვერა,
და სიყვარული გაახსენდა,_
გაუმხელელი
***
***
***
ქალსა მთვარეულს
მიიზიდება უკუფენით,
შენით სხვას ელტვის,
მზე მთვარეს ათრობს,
ვნება წყალს ერთვის
და იდრიკება დედამიწა,
ბავშვი გულადობს,
ზეცა ირწევა,
მთვარე ბუღრაობს
ნაბახუსევი
ზღვის ნაპირს ლოკავს,
მხურვალე გული
შფოთავს და შფოთავს
შიშველი ქალი
ზღვის ტალღებს ეტრფის,
მთვარე უკოცნის
ძუძუებს ვნებით
კაცს ეჭვი ახრჩობს
მიწას დაჰყმუის,
ვერ იტანს ღალატს,
ვერ იტანს ტყუილს
მზე მთვარეს ათრობს,
მთვარე წყალს ელტვის,
ქალსა მთვარეულს,
აბა, რა ეთქმის
***
სევდის დროშა
ყველა იმედი
ჩაეწურა
უიმედობას,
და უმწეობა
უმწეობას შეეხმიანა,
შემაზრენად
დაჰგვრინა ქორომ
და სევდის დროშა
გამარჯვებად ააფრიალა

***

Комментариев нет:

Отправить комментарий