воскресенье, 25 апреля 2010 г.

პოეზია*** სიზმრიდან ცხადში *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** From Dream into Reality *** Janri Gogeshvili

***


***

ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი

ლიტველების სტუმრობა გურიაში, 1971.


ერთხელ, ზაფხულში, ყმაწვილობის ჟამს,
ტყე-ღრე წვალებით, შეთქმულის ჟინით,
თითქოს მივსდევდი წინაპრის ჩუმ კვალს,
გზნებით ვატარე სხვა ქვეყნის შვილნი

გამორჩეულნი გრძნობათა ფარვით,
ერთი მსუქანი, ერთიც პირხმელი
დისიდენტური კვლევით და სწრაფვით,
მედგრად იწევდა ორი ლიტველი

ერთს მეამბოხის ჰქონდა სახელი,
და ციხეებში იყო ნატანჯი,
იმპერიული გათვალა-არგათვლის,
მას სიძულვილი ჰქონდა ათასგზის

და მივიწევდით მთისაკენ მაღლა,
სადაც მლოცველი დიოდა მალვით,
გზას გვიღობავდა ტოტების ფარდა,
გვეძალებოდა წინაპრის ვალი

და როს ვიხილეთ მონასტრის ეზო,
მწვანე მინდორი ნასათუთარი,
სწრაფვისა ჩვენის ვიგრძენით გემო,
კრძალვით გვიცქერდა მხცოვანი ქალი

ნატიფად ნაგებ ტაძრის კედელთან,
იდგა მოწესე მშვიდი, ფერმკრთალი,
მშვიდობა თქვენდა!” მიგვიღო წრფელად,
ისმინა სიტყვა ჩემში ნამაჭრი

ნაჯაფი ხელი შემახო ხელთან,
მითხრა: სტუმრისა მეც ვიცი ყადრი,
ოთხი წლის ვიყავ, რომ მერგო ხილვა,
ამა საყდრის და ამა სავანის

მას შემდეგ აქ ვარ, არსად გავსულვარ,
არ მიძებნია სხვა ბინა არსით,
არადა უკვე ასს წელს ვასრულებ,
ვფიქრობ ჰაემდე გავლიე ხანი

ოღონდ იმასღა ვდარდობ და ვნანობ,
რომ არ გამოჩნდა ერთი მორჩილიც,
რომ მონასტერი, ესე სავანე
არ შერჩეს ტყე-ღრეს ხავსით მოსილი

მერე წაგვიძღვა, შემოგვატარა
საფლავის ქვები, დათა სამარხნი,
ერთგან ილოცა და თან გვახარა
აღმშენებელი იყო ამ ტაძრის

ბოლოს ახსენა კათოლიკთ წესი,
ლოცვისა ნირი, ქცევა ტაძარში
აუწყა სტუმართპაპისამრწამსი,
და განსხვავება პირჯვრისწერაში

აქ ლიტველსაც კი დაეტყო განცდა,
შეიხსნა ჯვარი მკერდთან ნაფერი,
მიართვა მოხუცს, სთხოვა დალოცვა,
მოდრიკა თავი ნაციმბირალი

ჯვარზე გაკრული ქრისტეს სახება
მოექცა ქალის მადლმოსილ ხელში,
სანთლების დარად მოჩინარ თითებს,
ჰქონდათ სურნელი რწმენ

***


***

სანუგეშო 
ღვიძლი ბიძის,  
მაკარ გოგეშვილის ხსოვნას 

ღმერთი კვლავ მოგცემთ
ამ ბიჭს მე გავზრდი!..” 
ეს იყო თურმე შენი თხოვნა,  
როცა მე გავჩნდი 
მამაჩემს უთქვამს:  
თუ მომდევნოც გვეყოლა ბიჭი, 
ეს შენ აღზარდე,  
შენ გაწვრთენი, ულესე კიჭი 
ბედს რას გაუგებ,  
არ დაგცალდა, ვეღარა დადექ! 
უეცრად წახვედ,  
მიიცვალე, ჩამოწვა დარდი; 
შეწყდა ის ლხინი შენ რომ გახლდა,  
ვერ ითამადე! 
შეგხვდი? არ მახსოვს,  
რადგან ვიყავ პაწია ბალღი 
ქვრივმა იტირა, ივიშვიშა,  
ცრემლი დაღვარა,
 ისე უშვილოდ შეაბერდა  
ცას და ქვეყანას 
არც მე მარგუნა ბედმა ძმა და  
სხვა სახლიკაცი, 
თანამოაზრე, შემომძახი,  
შენებრ ვაჟკაცი!.. 
დარჩა პორტრეტი  
ძველ ფოტოდან ამოხატული,
 ვეფხისტყაოსნის დასურათების  
ასლთა კრებული 
მხატვარი, მამის მოწვეული,  
გახლდათ ქებული,  
მაღალ და ფართო ტილოების  
შექმნა რჩეული 
მე ჩემიცა მაქვს, მგარამ რა ვქნა  
ცხოვრება ჭირსო! 
თქვა, ხელმოწერა დაგვიტოვა,  
ვითარც ქარაგმა 
თავის გზას გაჰყვა,  
ნიჭს მავანი სხვაგვარად სჯისო; 
წაიღიღინა: გადმოხატვით შეიძინა  
ბევრმა ბარაქა! 
მერე, მე კრძალვით შევცქეროდი  
ნატიფ მხატვრობას, 
ლამაზ, შთამბეჭდავ  
ჩარჩოებით შემოსაზღვრულებს
 სახლის კედლებზე დამკვიდრებულ 
გმირთა სახებას
შენი პორტრეტიც შერეოდა,  
ფიცით ერთგულებს 
უკვდავ პოემას აღვიქვამდი  
იმა მხატვრობით; 
სად ტარიელი, გულდამწვარი
ტიროდა მარტოდ, 
მეფის დას დავარს  
შიგადაშიგ ჩუმად ვუბღვერდი, 
ავთანდილი კი მიმღეროდა  
სანდოდ და საძმოდ 
უეცრად, ფიქრში,  
საბრძოლველად აღვეგზნებოდი, 
შემოვძახებდი, და  
ვაფრთხობდი, მოძალე ქაჯთა, 
თბილად მიცქერდი სურათიდან
ვგონებ გართობდი, 
შენი ღიმილით მამხნევებდა და  
მწვრთნიდა კაცად 
როს, მამაჩემი ხშირად სვამდა  
შენს მოსაგონარს,
ჭურებისრკალით დამშვენებულ  
ნაქებ სასმისით, 
ზედ ერთიჭურიმოეტეხა  
ბედს მინიშნებად, 
სტუმრებს უყვარდათ ალავერდი 
 შენეულ რიხით 
ვიცი, რომ იყავ კაცი სრული,  
მჭევრი თამადა,
იცვამდი კოხტად,  
გარეგნობაც გქონდა კაცური 
შენი ბიძობა ვერ ვიხილე,  
მქონდა დარდადა, 
მაგრამ ღიმილით მამხნევებდი,  
სული ერთგული 
და რადგან შევრჩი ამ საწუთროს  
იმავე განცდით 
სხვას ვერ შთაბერავ ამ სიყვარულს
ვიგემე მარცხი, 
ღმერთო, შემივსე ეგ სასმისი  
კაცთ ხსოვნის მადლით, 
ჭიქა ავსწიო და ლოცვა ვთქვა:  
ლხინი გარდაცვლილთ!.. 

*** 
უდაოა, სამარხთაგან 
ერთი ნათელს აფრქვევს

მისტერია, მისტერია და  
სიმს სუნთქვა არხევს, 
შენიღბულა გრიმასებით,  
ეგ დაღლილი სახე, 
და ცხოვრება გაძარცვული
ვაი-ვაჰმედახმეს 
აგერ, ის ხე დაგრეხილი  
ბოღმით აშრობს არეს 

გამიგია, შუბივით ფესვს,  
ძველ სამარხებს აბჯენს, 
აბჯარ-აბგარს არ ეპუვის და  
ფოთლებით დაჰყეფს 
ნერგი გვიან ამოზრდილი,  
სუნს საამოს იკრეფს 
სიმყრალეში ვინ აღიქვამს,  
დაკნინდება, ვაჰმე! 

იქნებ, ის ხე, უნაყოფო  
მეხის ნიშნით წახდეს, 
იქნებ, ქარმა-ქარაშოტმა  
დალეწოს და ჩახმეს 
ნერგი გვიან ამოზრდილი  
გადარჩეს და ახდეს 
უდავოა, სამარხთაგან  
ერთი სურნელს აფრქვევს 
***

ტკივილის დაპურება
აპურებ ლოცვით, აპურებ წამლით,
მაგრამ ტკივილი მაინც ვერ ძღება,
თავის ხუშტურზე მიდის და მოდის,
თუ არ გადაგღრღნა, არ დამშვიდდება
წაგერთვას ლამის ლოცვის უნარი,
კურნება იგი რას შეგერგება
სიკვდილზე ფიქრმაც აიდგა ფეხი,
და უკვე ამ მხრივ იწყებ ვედრებას
მცირე იმედი მაინც გაბრკოლებს,
ღირსეულ სიკვდილს შესთხოვ განგებას,
ტკივილი მძლავრობს, დაფლითა გონი,
თითქოს სიავის იქცა ტანდემად
მოუხმობ ნაცად, შინაგან წესრიგს,
მაგრამ ტკივილი ძნელად პურდება
თავს კედელს ახლი და იმედოვნებ
ტკივილი ტკივილს წაეკიდება
იხსენებ ტაეპს, გონს რომ მოძღვრავდი,
რომ გესარჩლება სიმწრის შეგრძნება… _
ტკივილის გმირებს, კასკადიორებს,
რომელთაც ართობთ რისკი, თვითგვემა
წამით შეიგრძნობ სიცოცხლის გემოს,
გსურს აღიდგინო ძველი ღირსება
გაძლება გიჯობს, ბოლოსდაბოლოს,
ალბათ ტკივილიც გამოიწვრთნება
***
სიყვარულის მტევანს დაწურავს...  
მდინარის ტალღებს
ნაცრისფერი მიჰქონდა ქოხი, 
ვიწრო სარკმელთან
მზით ნაფერი აკვანი იდგა, 
შორით ისმოდა ხმები უცხო,
ოხვრა და ვიში, 
ფშვინავდა ჩვილი ნასიზმრალი
ციდან კი ცრიდა... 
და როს პაწია შეიშმუშნა, 
კვლავ იგრძნო საფრთხე
წამოიტირა, 
სისხლში მცურავ დედას მოუხმო, 
მისი ხმა იქცა სამყაროსთვის
იდუმალ მაცნედ, 
ჩამოშლილ ბექთან
ავაზაკმა შეჰყვირა უხმოდ... 
მიუყურადა, აწრიალდა
ნაღმმტყორცნს უგანა, 
ქოხს მიაშტერდა, 
ეცნაურა ურჩი წადილი, 
ჩვილის ტირილი აედევნა, 
სულში ჩახედა... 
დაეშვა კაცი მდინარისკენ
ვითარც აჩრდილი... 
თავადაც, 
თურმე მსგავს ფიცრულში
იყო გაზრდილი
შინაგან ხმაში
აკვნის რწევა ჰქონდა ჩაზრდილი, 
ოდესღაც მასაც იფარავდა
დედის მანდილი, 
მერე და მერე გამოპირეს
უშნო ქადილით... 
და ახლა თითქოს
იმ ტირილის გადასარჩენად, 
მთელი შეგრძნებით
ანძასავით აიჭრა ცაში, 
აფრაც გაშალა, 
მიუწევდა გული საფრენად, 
უებრო მხსნელად გარდისახა
ნაცადო კვლაში... 
ჩვილის ტირილი
სიყვარულის მტევანს დაწურავს... 
ჩაგეფინება სალბუნივით
სულში სიმშვიდე...
ჩვილის ტირილი
განგებას, რომ მაცნედ დაუდის, 
ეს, ვარსკლავებმა
რა ხანია გაითავისეს...

***


***პირმომცინარე ჭაბუკის სახით
ესეი ლექსად
ტკივილი მრუმე_ბოღმად ნანთხევი,
წარმართულ ხანის ნატანჯი ვნება
აგერ, სალ კლდეზე, ღამენათევი _
იდგა, ყიოდა ბრმა შემართება
წინ ედგა შვილი, ცხადში ნანატრი,
გულით მინდობილს უცებ ხელს კრავდა,
რწმენად ქცეული მზაკვრული შიშით _
აუხსნელ ნიშნებს მსხვერპლად სწირავდა
იყო სივილი და ხრიალი უმეცარ კაცთა _
ხაოდა დედა
შეტოკდა ცა და თეთრი სარკმლიდან
პირმომცინარე ჭაბუკის სახით
დაეშვა ხატი _”მშვიდობა თქვენდა!...”
აქ, წარმართ ქალთა დაინდეს შვილნი,
ცოდვანი თვისნი გაითავისეს,
ზეციურ სარკმელს მიაპყრეს თვალნი,
თან მონანაულთა მადლი შეიცნეს
გავიდა ხანი, ისევლა-მოლექ!”
შესაწირს სხვაფრივ დაედო ფასი
შეკვეთილია გული, თირკმელი,
ფულზე გასწირეს უმწეო არსი
გავაშვილებთო, შეპირდნენ ორსულს,
ვერსად წაუვა მოლოქის აჩრდილს;
უკეთურს უნდა მიჩქმალოს კვალი;
ჩვილს დედის ხილვას არვინ დააცლის
ტკივილი მრუმე_ბოღმად ნანთხევი,
წარმართულ ხანის ნატანჯი ვნება
შეტოკდა ცა და თეთრი სარკმლიდან
პირმომცინარე ჭაბუკის სახით
დაეშვა ხატი _”მშვიდობა თქვენდა!...”
***
*** 
მაცდური ახლად გვიყვება ზღაპარს 
მაცდური შორით გვიყვება ზღაპარს, 
როგორ ალაგმა სიკეთემ ღვარძლი, 
და მოლაქუცე ხმის ტემბრით ავლენს, 
რომ ამ სიკეთეს ქე უყვეს ბრაწი 

მარტოდ გამაგრდი, ასე გერჩივნოს
პირფერა ქომაქგს, მსუნაგ მეაბჯრეს; 
ვინაც ახერხებს მოყვრად გვეჩვენოს, 
ღირსის სახელი, _ მისას შეაცვთეს 

ის, ახლა ომობს ყალბი პროტესტით, 
და თამამდ შლის ქვეყნის ბაირაღს,
 ზრახვაში ფლიდი დამქაში ცმუკავს, 
მოყვასის ტვინზე უკრავს დაირას 

შოვნა-მოხვეჭის ჟინით დაღლილი, 
შხამად დაბრძენდა და დაჭაობდა, 
სულმა მიუგდო სხეულს მარხილი,
ქველმოქმედური ფარსიც ჩაობდა 

ყველა თავისას იმზადებს საგზალს; 
ზოგს მოსწონს გზები გაუკვალავი, 
სხვა კი აგროვებს მოგების ასხმას, 
და აწრთობს გესლი დაუფარავი... 

მაცდური ახლად გვიყვება ზღაპარს; 
როგორ ალაგმა სიკეთემ ღვარძლი, 
თან ინარჩუნებს გამქირდავ იერს, 
და მიგანიშნებს მზადაა აქვს ფანდი...
***


ჩამოუფრენს ალალი
იუმორესკა
არ სწყინდება ბაქიობა, ტრაბახი,_
ბრძენს ედრება; მომავალსო ვჭვრეტ!
ხშირად ცმუკავს შიშისაგან მყვირალი,
ქვეშემრდომზე დაიგრძელებს ხელს!
მედროვეთა გახლავთ სრული დამქაში,
ქართულ სიტყვას ასამარებს დღეს,
მაგრამ, როცა ჩამოუფრენს ალალი,
ქარს გაატანს მის ბაქსა და მტვერს
***
შენი ჩრდილიც არ გაიშვას
გინდა ჩანდე ვითარც მხსნელი,
შემართული ვაჟკაცი
თავს ჩარგავ და სურნელდები
ნაწანწალებ-ნაძარცვში,
იქ უწვები, აქ აწვები
გათვლები გაქვს უვარგი,
შენი ჩრდილიც არ გაიშვას,_
იგავ-არაკ-ლაყაფი
***
ვარსკლავებივინც დაკრიფა
ვარსკლავებივინც დაკრიფა
ყველას უბე ეწვის,
ვერც იმაჭრა, ვერც დაღვინდა,
დუჟად ექცა ნერწყვი
ვინც მოედოცას და მიწას”,
ვერ გაიდგა ფესვი,
სულში ფითრი ახარა და
აბოგინა მხეცი
სხვისას შესტრფის,
ადათს წუნობს,
სამდურავი ართობს,
საშველს ეძებსტანჯავს შური,
ყალბ დიდებას არ თმობს
***

***
მსოფლიო განცდით…”
პამფლეტი
სანამ გვტანჯავდა,
ეტრფოდამამულს
შეძახილით და ჟესტით,
მოძღვრავდა აწმყოს,
მოძღვრავდა წარსულს,
მომავალსა თუ მერმისს;
-ჩვენ უნდა ვიშვათ
მსოფლიო განცდით”,_
რომ გაგვიმართონ ხელი!..
იცავდა თავის სახრავს და
საყმოს,
მოძულედ ჰყავდა თემი
და აზომილი
ჰქონდა სამშობლო _
სხვა ქვეყნის არშინ-მეტრით,
ანამუსებდა ხატსა და უფალს,
სხვაფრივ ხდებოდა მჭვრეტი
რარიგ გვაწვალა,
რარიგ დაგვღალა,
რარიგ დაგვწყვიტა გული
თავად სამშობლოს
სძალავდა ღალას,
მოეთქვას ზეცად სული
***
გონს ავარჯიშებს
გონს ავარჯიშებს იგავურ მცნებით,
სიტყვას, სარგებელს ადენს მევახშის
და მსხვერპლსაც წირავს მედროვის ნირით,
ფიქრობს განგება ცაშიც დააცდის
***
ლეგენდა ცოცხლობს
ქართველი ქრისტიანი უშუალო ქართველია,
გალობა მისი ღვთიური სანთელია,
გულებს აღანთებს მომავლის ნიჭით,
ლეგენდა ცოცხლობს, ლეგენდა იბრძვის
მადლობა უფალს, რომ შემძინა სიტყვის უნარი;
მუსიკის ჰანგებს მივნებდე და ფერი ფერით ვრთა
რომ ვიმუშაკო, თან აზრს მივცე ცისა სარკმელი,
როცა ინებებს მწყალობელი ზეცად ამიყვანს
***
მიჰქონდა მთვარეს
შენ რომ გარიყე სიყვარული,
შენ რომ გაჰკილე,
ის სიყვარული ღამით, მალვით
მიჰქონდა მთვარეს
***

***
ნატვრად, ოცნებად შემოაღწია 
წყაროს წიაღში იშვა ღიმილი, 
სევდა შადრევნად ამოაფრქვია, 
ამგვარი გახლდათ მისი სიკვდილი; 
სხვათა ცხოვრებას სხივად ეფრქვია 
აფრინდა ზეცად, მთვარეს ეახლა,
 მერე შენს კართან ღამე ათია, 
და ერთგულებამ სევდიან სულში
ნატვრად, ოცნებად შემოაღწია
***
და ბოლოს ბედი გამოიწვია  
რამდენ ვინმესთან ჰქონია ფლირტი,
და ბოლოს ბედი გამოიწვია 
მოჰგვარა ქალი თავქარა, ფლიდი,
 აუ, რამდენი რამე იწვნია 
სად ქროდა ქარი,  
ნატრობდა ნიავს, 
ქარმა დაგლიჯა ყველა საფარი, 
გაიტაცა და მიჰგვარა იას, 
იას, სად ქონდა თავშესაფარი 
ის თავდახრილი აფრქვევდა სურნელს,
 იად მოსული იადვე დარჩა, 
ვეღარც მოსწყვიტა,  
არც სურდა გაცლა, 
და მიბნედილი კვლავ გაჰყევ ქარსა
***

ფლირტი ინტერნეტსივრცეში...  
სიტყვით თამაში და ექსპრესია, 
ლტოლვა-ტრფიალის კოცონი ელავს, 
უცნობს ალაღებს შორითი განცდა, 
ხვევნა-ამბორის იმიტაცია... 
სტროფიდან სტროფში იღვრება ვნება, 
წვალობს ბრმა ზრახვა, 
ეტმასნება პოეტურ სტრიქონს 
ერთს სურს აცდუნონ, მეორეს ნებავს 
და კლავიშებთან აღგზნებული
საცთურზე ფიქრობს 

მსუბუქ ტრფიალში ვლინდება ნიჭი, 
გზად მოსჩქეფს ხოტბა აშიკურ განცდის, 
ერთობა ქალი და მძლავრობს იჭვი, 
ის ვიღაც, კიდევ, სხვის სულში დაძწრის 
ვირტუალური სამყარო შფოთავს, 
დანაღმულია განცდების ველი 
მრავალი ნატვრა ნატვრაში როკავს, 
მაგრამის ნაღმითავის მსხვერპლს ელის... 
***
ხამს ზრახვა მჩქეფი

თამამი სიტყვა და კოხტა ქალი,

სახსოვარ დღეთა მშვენი ნადავლი,

აშიკთ ალაღებთ მალვით ტრფიალი,

ხამს ზრახვა მჩქეფი და ნასიზმრალი
***

***სააშიკო მაგია
აინთება გამომწვევად,
ღიმილით რთავს თვალებს,
პოეზიის თუ მუსიკის
გააჟღერებს ჰანგებს,
ცის სიღრმიდან ამოსარკულ
ვნებებს აფერადებს,
შეაპარებსყოფითდაღლილს
მათრობელა ზღაპრებს
შეანელებს მეტყველ მზერას
ყვავილზე თუ ცაზე,
გაიტყუებს კაცის სურვილს
საოცნებოგანძზე”,
წასჩურჩულებს მიმოქარგვით
ფორტუნაზე, ბედზე
ცელქად აქებს მამრის უნარს და
აქეზებს: ”ცადე!..”
მიმოურხევს მივიწყებულ,
მიმოწყვეტილ სიმებს,
გაუნასკვავს, გაუმართავს და
ჩამოკრავს თითებს,
იქ შეუნთებს სიყვარულის
კოცონსა თუ ხრიკებს,
მერე უცებ მიაგდებს და
მალ გადაწვავს ხიდებს...
ახლა მორიგს გამოარჩევს,
გზნებას მიმოაფენს;
ახლა იმ სხვას შეუხამებს
საააშიკო ელფერს,
მიტოვებულს, ”მოწადინეს
აკნინებს და ამხელს;
წრებრუნვაო სიყვარულის
ვერ იგუა ხეპრემ!..”
***
აურის გზნებით აჩაღებს კერას 
ქალური ალღო თამამად ილტვის, 
და სამოსახლოს შორიდან ზვერავს,
 ხედავს, რომ კაცი მარტოკა იღწვის; 
მზერას აპარებს, ფიქრებში ღელავს 
ქალური ალღო თამამად ილტვის, 
ფარული ნდომით ღიმილსა ფერავს, 
სამოსახლომდე მიაწვდენს კისკისს; 
აურის გზნებით აჩაღებს კერას...

***
და გრძნობათა ციდა წვეთი 
ვით ზღაპრული შადრევანი
მოლივლივე ნაირფერად _ 

საწოლზე ხტის ფრენა-ფრენით, 
ჩქეფს, კასკასებს შემაქცევრად 
და გრძნობათა ციდა წვეთი, 
მზის სხივებზე ანასხლეტი, 
ელვარებს და თვალთა კვესით
დაახვია სტროფებს რეტი 

აქ, პაწია ქალის ქალი
უკვე ქალობს,  

ზნე-წესს იმკობს 
ფიქრს შეაბა გრძნების ალი, 
ცისარტყელად გამოიხმო 
ფერებს ჩუქნის ციურ ამბორს, 
ჩიტივით სტვენს, თან ქილიკობს, 
სიყვარულში ლაღობს, ანცობს, 
არაკს მოჰგავს, ”ზღაპარ იყო!”
***

***

მისთვის სამსხვერპლოც ცისკრდება

გარდასულ დღეთა დიდება

თანდათან უფრო ფითრდება

ფრენა _ფრენაში ვლინდება,

კარიც სხვა მხრიდან იღება
ვინც მოჩნდა აზრთა გამრიგე,
მისთვის უფრორე ბინდდება,
ვინც ედგა სიტყვას ერთგულად,
მისთვის სამსხვერპლოც ცისკრდება
შერჩა ბატკანი კოცონზე,
ფერიცვალებას დიდება!
***
ბედისწერის ოინი 
ლაღი ჟივილი,  
მწიფე ლეღვთან ჩიტთა სერობა, 
უსტვენდა შაშვი, მბაძავი კი  
სხვაფრივ ცელქობდა,
ჩასაფრებული მტაცებელიც  
მსწრაფლ შემოფრინდა, 
ჟივჟივი ჩაკვდა, გუნდი დაფრთხა,  
გაქრა ერთობა

უჰ, შავარდენი!”  
მარბიელი მეჩვენა ასე, 
ველური ეშხის ელვარებამ  
ლამის მომხიბლა 
გამოედევნა ჩიტს დაბნეულს,  
იმან უგანა,
შეიშხუილა ბლის ტოტებში,  
იქ შეინიღბა 

მერე შოშიამ დაუსტვინა,  
მდევარს დასცინა, 
შაშვის ჭახჭახიც გამოვარდა  
იქვე სუროდან, 
იმა ჭახჭახში კაჭკაჭური  
კილო გაფრინდა, 
მამლის ყივილი დაეწია  
ხის ფუღუროდან

მტაცებელი კი, ფერფლისფერი,  
ალაგ წითური, 
ფრთების ფართხუნით 
დამფრთხალს მიაწყდა, 
ბეღურა ჩემსკენ გამოფრინდა  
ღონემიხდილი, 
საშველად მიხმო; შემომწივლა,  
შემომაფრინდა 

მდევარი იგი, მის დაჭერას  
ცდილობდა მწველად, 
და აღგზნებული, არ შეჩერდა 
ჩიტს თაქვე ჩაჰყვა, 
ვერ შემეპუა, ბრმად მისდევდა  
ნირსა თუ ზნესა, 
იქ, ბალახებში ფრთებით გაბმულს  
კლანჭი უმარჯვა 

მაშინ შევძახე, ფეხი გავჰკარ,  
ურჩად გაფრინდა, 
მალე ბეღურაც შეფრთხიალდა,  
აღარ შიშობდა, 
გულდამშვიდებულს  
მწიფე ლეღვი წამოელანდა, 
გაძვრა-გამოძვრა, გაიტრუნა,  
სარჩო უხმობდა 

ვიხსენი მეთქი,  
შავარდნისგან ვიხსენი მეთქი! 
წამით გავლაღდი
სიამაყით გავხედე ზეცას, 
მერე უეცრად გამახსენდა  
მტაცებელ ფრინველს
ჩიტის ქორისა უფრო ჰქონდა  
ფერი და ზნეცა 

მაშინვე ზემოთ,  
ტოტზე თითქოს ბალღი ატირდა,
ცხენის ჭიხვინი დამცინავად  
მიჰყვა ფოთლის ღარს, 
ერიჰა მეთქი, კარგა შევკრთი,  
სმენა დამიფრთხა, 
და მოჩვენებამ ხის კენწეროდან  
ლამის ხელი მკრა

უჰ, ჩიტის ქორი  
შავარდენად რამ მომალანდა?!” 
გავიფიქრე და  
უნებლიეთ დამეტყო წყენა 
ბეღურასათვის რა შვება იყო,  
თუ ჩაავლებდნენ, 
თუნდაც არწივი, შექმნილიყო  
მის ბედისწერად 

მერე ვიხილე,  
ხის ტოტიდან ჩხიკვმა ისკუპა, 
ნაცნობ ბეღურას დააცხრა  
და წამში გაგუდა, 
ჩიტის ქორივით გაიფხორა და  
მოჰყვა პრანჭვას; 
თავგამოდება გამიმასხრა,  
ნიშნი მარგუნა
***
***ჯიუტი ერთგულებით...
პოეტი ოცნებას და განცდებს შეხიზნულა... 

უნდილი სევდა კი უჯიგროდ წრიალებს, 
ცოდვილი ცოდვილთან გრძნებად ჩახარშული, 
მშვენება წარმავალი, კაბა კი ფრიალებს... 
ობლად დაშთენილა სიმი ჩაწყვეტილი, 
წარსულზე გოდებით ანახლებს იარებს, 
ჯიუტი ერთგულებით სიტყვაშემართული
პოეტი სამკვიდროს მომავალს მიაგებს...
***
მეკვლედ მიუვა მომავლის ზეცას
მიგანიშნებენ: შეეშვი ლექსებს
ძმურადგირჩევენ მიხედო პროზას,
და გაფუყული მედიდურობით
იღებენსიბრძნითდაყურსულ პოზას
უკირკიტებენ რითმებს და ბგერებს,
სტროფებში ძგერსო ელვა და ჭექა,
არადა, ეს ხმა მოჰყვება ფესვებს,
გული ალალად იმოწმებს დედანს
ვინაც შეიგრძნო ტკივილის სიტკბო,
უხილავ ფერებს შეგრძნებით ფერავს,
მან სხვა მისია არგუნა სტრიქონს;
მეკვლედ მიუვა მომავლის ზეცას
***
მშობლებს  

შემინდეთ, თუკი გამიტყუა
სამშობლოს სევდამ, 

თავისუფლების თუკი მქონდა
მძლავრი შეგრძნება, 

თუკი შენების სულ სხვაგვარი
მე მქონდა ზნე და
თუკი ვერ ვპოვე იმ ყოფაში
კაცური შვება 

ვერ მოვიხვეჭე
ვერცა ფული, ვერცა სახელი, 

ვერც კარიერა გავიკეთე, 
არ მქონდა ნება, 
და გავერიდე სოფლის ქილიკს, 
შემრჩა ნაღველი 
სიტყვასთან ჭიდილს შევალიე
ძალა და გზნება

 შემინდეთ თუკი გამიტყუა
სამშობლოს სევდამ, 

თავისუფლების თუკი მქონდა
მძლავრი შეგრძნება
***

***

გაგრძელება პოეზია*** სიზმრიდან ცხადში *** ჯანრი გოგეშვილი /...


ჯანრი გოგეშვილი

სიზმრიდან ცხადში
პოეზია
=======
***

***

Комментариев нет:

Отправить комментарий