понедельник, 26 апреля 2010 г.

პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili

პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili


***
ჩემო ტკბილო სევდავ
ნეტა ახლა სად იჩქარი,
სად მიჰქრიხარ ნეტავ?!
გიჯობს შინვე დაეტიო
ჩემო ტკბილო სევდავ

გულს-ნადებზე შეაქსოვო
სიყვარულის ქარგა,
და ღიღინით მიაძინო
უიღბლობის განცდა
***
შვილის სიურჩეს
ჭარმაგი კაცი მოგონებებს
აღვიძებს სულში,
მშობლების ხსოვნა
მონანულის სითბოდ იღვრება
სხვაგვარი სიბრძნით ნაწრთობი და
ჭკვაგახედნილი,
შვილის სიურჩეს,
რომ ვერ ჰგუობს, ის ედარდება
***

შენ რომ დაგღალა და არ დაგინდო
ჩვეულებრივი დღის გემო სულში
გაუგემურდა, დაკარგა სიტკბო,
ვიღაცას ახლა ჩაადნა სულში
ქალის ალერსი შენთან რომ იკლო

ვიღაცას ახლა ერგო სამკვიდრო _
შენ რომ დაგღალა და არ დაგინდო,
ვიღაცა ახლა მისტირის იმ დროს,
და ცდილობს სხვისი დარდი აგკიდოს

ვიღაცა ახლა მომავალს უბღვერს,
სხვის აზრს შეაჭრა მალვით აკიდო,
მაგრამ სამყაროს მრუდობით უძღებს
ძალუძს მართალი მართლად ადიდოს
***

დრო მოვა
დრო მოვა:
სევდას გაფანტავს,
გადაალაჯებს გაჯაჭვულ ფიქრებს,
დრო მოვა: ციურ ჰანგებში შეიცნობს სურნელს,
დრო მოვა: ფიქრთა მორევი ჩაითრევს მყისვე
დრო მოვა: ტაეპს აჰყვება, დალაშქრავს სივრცეს
მოვა დრო:_ გარდაიცვლება
ნუ ჰკითხავთ მიზეზს!..
და მოძებნიან ახალ საბუდარს,
ფიქრები ისევ
***


***
ბაბილო
ბაბილო, ბაბილო, ბაბილო,
ვაზოო, ცისაკენ აწვდილო,
მტევანო მზის სხივში ნაბანო,
ცრემლებად ეპკურე მამილოს

ბაბილო, ბაბილო, ბაბილო,
ნაფიცო, ძმასავით შეზრდილო,
ნაკურთხო, ზედაშედ მოსულო,
ცრემლებად ეპკურე მამილოს
***
დედულეთს...
მე თქვენ ყოველთვის ისე მიყვარდით,
ვითარც სურნელი კეთილ სულისა,
და შემახსენებთ ფიქრში მიბარდნილ,
აწ მივიწყებულ დედურ სულისთქმას

ფესვები ესე, ლაზურ-კოლხური,
კვებას, ამშვენებს ჩემეულ სიტყვას,
და ზურგს მიმაგრებს სივრცე მამულის,
ჩვეულ საუბარს ვაგრძელებ მისხთან

დედულეთს, მარად კრძალვით ვიგონებ _
ნიავს, მონაბერს წრფელი სულისა,
და შემახსენებს ფიქრში მიბარდნილ,
აწ მივიწყებულ ბავშურ გულისთქმას


***
აწ გარდაცვლილ
ბევრს ჰგონია, რომ სუნთქვაა სულიერება,
სისულელეა სიყვარული უძღვნა პლანეტებს,
და თუ დაეძებ აწ გარდაცვლილ უცხო სახებას,
სისხლით მოკეთეც დაეჭვდება, "გაგიმეტებს"
***
სიყვარულმა დახუჭა თვალი
ჩემო ოცნებავ, სიყვარულმა დახუჭა თვალი,
მაგრამ არ არის იგი მკვდარი, არ არის მკვდარი!
ბანგმა იძალა და წაერთვა გონების თვალი,
უნდა ვილოცოთ, რომ მობრუნდეს, მიეცეს ძალი
***
გადაიფრინა სტრიქონმა ზეცად
რისხვა განელდა ზიზღი წარვიდა,
და აღსდგა გრძნობა მკვიდრი,
შენ მისკენ იწევ, ის კი ცისკენა,
სიყვარულს მალვით იმკით

იქნებ გართობდათ კორომში ყოფნა,
და ხენი ჯგუფად მდგარნი,
მაინც ორნიღა შერჩით საწუთროს,
ორივე ლექსით მთვრალი

გადაიფრინა სტრიქონმა ზეცად,
მოგხვიათ სხივმა ალი,
და დაიმშვენა ქალმა ალერსი,
მწველად მინაბა თვალნი
***
***
ტაეპების სურნელი გამკობს
ოცნება წიგნთან! ტაეპების სურნელი გამკობს,
მალულმა თრთოლვამ დაგამშვენა ეულო ქალო
ეგ ლექსი უთხარ მოწონებულს, ილაღე კარგო,
გაზაფხულდება, შეგიყვარებს, მიენდე ალღოს
***
სანამ დაგათრობს ტუჩთა ბადაგი
გალაღებულხარ, მოგისვამს გვერდით
ქალი ლამაზი, წრფელი არშიყი,
სიყვარულს, თითქოს გთავაზობს კდემით,
სურს შეგიბრალოს, ვითარც ყარიბი

აგიჩვილდება გული და მაშინ,
შენ შეიქმნები მისი ნადავლი,
და გაებმები, ყმაწვილო, ფანდი,
გახლავთ ჩვეული, მრავალნაცადი

ამიტომ, სანამ მოისვამ გვერდით,
სანამ, დაგათრობს ტუჩთა ბადაგი,
პაპისეული მოიხმე გეში,
ოდესღაც, სიბრძნეს ჩასწვდა ჭარმაგი
***
ცა მოსავალს იმკის
აიტალღა ზარის რეკვა,
შეტორტმანდა ნისლი,
მზემ დახედა დედამიწას,
და მერცხალი ჭყივის

სიყვარული, სიყვარული,
სიყვარული სივრცის,
რა სუფთაა, რა კრიალა,
ცა მოსავალს იმკის

***
ფიქრი ცრემლში ჩაკიდული
აიტაცა კვირტი ქარმა,
მზის უბეში შეათბო
და ყვავილად გაიშალა
ერთი ციდა ქაბატო...

ფიქრი ცრემლში ჩაკიდული
ოცნებად და ღალატად,
ოკეანეს შეერია
და ტალღები დარახტა...

ღელვისაგან ნაშობ მერანს
ქაფი ზურგზე მოახტა,
თქაფათქუფი აუტეხა,
სატრფო მწველად გათანგა...

მერე უცებ აცივდა და
მერე უცებ დაზამთრდა,
ფიფქი ბაგეს ჩამოადნა,
ვნებათღელვა განახლდა...

აიტაცა კვირტი ქარმა,
მზის უბეში შეათბო
და ყვავილად გაიშალა
ერთი ციდა ქაბატო...

***

***
მეტამორფოზა
მიწიერ ყოფას მალვით წუნობდა,
ზეციურ მხარეს ედო სავანე
სისავსეს თვისას ძნელად ჰგუობდა,
შიშობდა _ ხორცი სულს გააწვალებს

მაგრამ ვაჟკაცი გზნებით ავსილი,
არ დაგიდევდათ ამგვარ არაკებს,
და გაიტაცა იგი ასული,
მოარგო ხვევნა, ძნელად მოსარგებს

ქალი დანებდა, მალე ცხოვრებამ
გაითამაშა სხვაგვარი ფარსი,
გახადა ცოლი, ურჩად მორჩილი,
ამრავლებს დოვლათს სხვაგვარი არსით

მეტარმორფოზაასე ამგვარი,
ცხოვრებას ხშირად მოსდგამს და ფასობს,
ქალი ციური ხილვით მოსილი,
ახლა ოჯახზე, თან ფულზე დარდობს
***
ქალს აქალებს, თანაც კურნავს
ქალი ნაცადი, კოპწია
ტიტინებს და ტუჩებს ბუსხავს,
დაცდასა სთხოვსვით პაწია
მიზეზობს და ჯიბრით ცმუკავს

იბუტება, თან ცრემლსა ღვრის,
ეკვრის მარჯვედ მოვლილ ცუგას,
მრავალნაცად კაცსაც აბნევს და
გამოსთხოვს ნანატრ ნუგბარს

სუფრას გაშლის, გაუღიმებს,
დაუმშვენებს კაცურ უნარს,
მერე, უცებ ცრემლებს დაღვრის,
შეუწყრება, კვლავ დატუქსავს

გამოაცლის ქანცს, არაქათს,
ისე, თითქოს მასზე ზრუნავს,
გასაქცევად შემზადებულს,
მიიტყუებს, კვლავ მონუსხავს

კაცის ფლობის ხელოვნება,
ქალს აქალებს, თანაც კურნავს,
ოღონდ მამრი ნაწევრდება,
კარგავს შნოს და ნაქებ უნარს
***
სხვის ცაში აყეფდა
ის წვალობს ფიქრებთან,
მსოფლიოს ხვითქი სდის
და შიშში ათენებს
ქალაქი იქსი
აგერ კი, ღრუბელმა
ღრმა განცდა ჩაყლაპა
ქალში რომ აღძრავდა
მშობლიურ შიმშილს,
ქარმა კი წაიღო,
დესანტი გადასხა _
დაეცა იმ ქალაქს
თქეში და მეხი,
და ვნება, რომელიც
იმ განცდას თან ახლდა
სხვის ცაში აყეფდა
ნაძრახი გზნებით

***


***
ვნება გმობილი და შერცხვენილი
გამოკვართული სხეულის ტალღამ
გონი ზედიზედ ვნებით დანაღმა
ქალის სხეულით ზომბირებული
ტვინის ნაოჭი წუწნის სახებას, _

ითხოვს და ითხოვს ფიქრი ცდომილი,
მწველად იხსენებს ნანატრ სილუეტს,
ვნება გმობილი და შერცხვენილი,
სულაც არ ფიქრობს გადაშენებას

***
იღბალი მოაქვს ამ ქუჩის გოგოს...
ავტოჯირითი მშიერთ არ ართობთ,
მათ პური უნდათ,_ კუჭის საძღომი,
სიცოცხლე ებრძვის ჩვეულ კალაპოტს,
ნაპირს ტოვებს და ჩნდებასაცობი”…

და ქალი მშვენი ღიმილ-ხაფანგით
ჩაავლებს მამრს და ვნებით გათოკავს,
პატარა ბიჭი, _ ნაგვის ყაჩაღი,
ჩვარს მოიმარჯვებს, მინას დაორთქლავს

და შანსი ახლა დოლარის შოვნის
ქალის წყალობით იმ ბიჭსაც ერგო,
კაცი კი ხარობსსაბედოსპოვნით,
იღბალი მოაქვს ამ ქუჩის გოგოს

***
სალაღობო…
ქალი, ლამაზი ქალობით
დედამ გაუშვა წყალზედა,
ვაჟი ქებული ვაჟობით
დაუხვდა სავალ გზაზედა:

-ქალო, სიცოცხლევ,
ცისა მშვენებავ,
მიშველე რამე…

-ახლოს ნუ მოხვალ,
ხალხი რას იტყვის?!
ბიჭავ!
გზიდანა ჩამომეცალე…

-გოგო, რაი ვქნა,
უცეცხლოდ ვიწვი,
ბევრი ვეწვალე…

-ბილიკ ვიწროა,
ორს არ დაგვიტევს,
გადადექ მეთქი,
თორემ ინანებ!

-კიდეზე ვივლი,
თავი მამიკვდეს,
ბილიკს გაკვალულს
ნუ დაინანებ…

-ხომ არ გაგიჟდი?!
ბალღი გვიყურებს,
წყარომდე მისვლა,
მაინც მაცალე…

-ციმციმ აგიყვან,
ფარვით გაკოცებ,
მტლედ დავედები
შენს ნატერფალებს…

-წყალი გწყურია,
წყაროსთან მიდი,
ჩემი დოქიდან
ყლუპსაც ვერ დალევ…

-შენა მწყურიხარ,
შენ თუ მიშველი,
იარას კოცნით თუ დამიამებ…

-კოცნას ნურც ფიქრობ
ნიავ მდარაჯობს,
მამასთან მისვლას არ დაახანებს…
***
***

თავად გარეკავს ვიცი…

ქარმა მორეკა ღრუბლები ცაზე _

მზეს ჩაუსვიო ქიში,

მზეს გაეღიმა _ ოჰ, რა ანცია,

თავად გარეკავს ვიცი…

***
სხეულსა შიგა
გულში ნაფერებ სხეულთან წვალობ,
სხეულსა შიგა შემალული ლამაზი ქალი,
მწველ ზმანებებში საცთურთან ლაღობ,
თავნება ნდომა გათამამებს, გედება ალი

გრძნებითი განცდის ნაცადი სვლებით
ურჩი წადილი გიხსნის საკინძეს,
ნებდები თამაშს, წვდომაა მწველი,
და მრუდი მთვარე ვნებას გაიღებს.

მანერებს ირჩევ, ფარვით მიილტვი;
შეგეხონ მზერით, შეიტკბობ წადილს
გხიბლავს სურნელი ოცნება-ფლირტის,
იამებ ზრახვებს ალღოთი გათვლილს

შენივე განცდებს გზნებით ილოკავ,
ტკბილად ედება სხეულს შიგ ბანგი,
განმარტოვდები, სახელს იზოგავ,
ქალურ ღირსებასსულ სხვა აქვს ფასი

სევდა გედება, წუხარ, განიცდი,
რომ სურვილს ეყმე და შეეხიზნე,
ძალით კერპდები; ბუნებამ იცის;
ურჩობს ის ვნება, ისევ ჩაგითრევს

ფიქრში წაწლაობ, ნატვრას ისრუტავ,
შენთვის არ ეთქმის ამას სახადი;
მაცოცხლებელი ნერვი თუ ტოკავს,
სულმაც ხომ უნდა გაიღოს ხარკი
***
***
***

ყოფის სიჩლუნგემ…

და გაზაფხული, ისე გაზამთრდა,

რომ მერცხლებიც კი,

უკან გაფრინდნენ,

ვნებამ ოცნებას ჩაუნისკარტა,

ეულმა განცდამ გაიფრთხიალა…

ოო, როგორ ჭირდა ქვეყნად დარჩენა,

მიწად დარჩენა რარიგ ზარავდა,

დაუწყევლია ხშირად გაჩენა,

ყოფის სიჩლუნგემ ყველა კარი

მჭიდროდ ჩარაზა…

***
მწარედ გაიხედნა
სირაქლემას, სირაქლემას,
ვაშასირაქლემას
თავს ჩარგავს და ვერას ამჩნევს,
რაც გარშემო ხდება

აქაც ჰპოვა მოდერნისტმა
ამპლუა და შვება,
აშვერილისირასბოლო
იქცა მზა ემბლემად _

გადარჩენის, ხსნის, საშველის
უპრობლემო ხერხად
თუმცა შიშში თავჩარგული
მწარედ გაიხედნა

***
არჩევანიც მას ერგო…
ტრაგიკომედ მიტინგზე
მოცუნცულდა ფხაკურა,
გაძვრა-გამოძვრ-გადაძვრა,
მიკროფონი ირგუნა,
გაგულადდა, გალაღდა,
სიტყვა აბრუნ-აბუნტა;
აღტყინებულ მასებში,
თავიმხსნელადაკურთხა

მოიხიბლნენ ზოგ-ზოგნი;
იწრო, კვანწი, პრაკუნა,
და ქვეყანას მოჰფინეს:
ფრენაც ძალუძს ფხაკურას!
რაინდული ზნისაა,
იბრძვის მედგრად, კაცურად,
ემტერება მავნებლებს,
და ხუნტასაც დათრგუნავს!

ჭორი გაჩნდა, გაბევრდა,
გმირადიქცა ფხაკურა,
მხსნელის სახებურჟუამ
აფინანასა მზაკვრულად,
არჩევანიც მას ერგო,
ხალხი პამპულ-პამპულად,
ქვეყანას კი, კვლავ ღრნიან
ფხაკურებიკვაჭურად
...

***


იბაზრეთ, ილაყბეთ, ავარდით…

მხედრით ჯიგრებო, ამხედრით!
შეახტით ბრზიალებს, ქანქარებს,
იბაზრეთ, ილაყბეთ, ავარდით,
აგელვეთ, ჩადრიკეთ, აჩმახეთ!

აქეთ და ადიდეთბრენდები
ნაძრახი, ფარსული აზრები
უსრისეთ ერთმანეთს ტვინები,
იქნება გამოქნათჯინები…”

დაგეშეთ, მოპირეთ ზრახვები,
დაძარით გრძნობათა რიქშები,
აღაგზნეთ, განავრცეთიზმები”,

დარაზმეთმაგარი ბიჭები!..

***


***

ნაცნობ მოტივზე დანაკვნესი

ნუ მოვიძულებთ ალალ კაცს,
ვინაც სიტყვასა არ გასტეხს,
მტერი ეყოლვის კარგ ყმასა,
მაგრამ მოყვარეს რა დალევს

სიმართლის აბჯარს ჩაიცვამს
ღმრთისგან ნაბოძი ნიჭითა,
ალღო აუღეთ მის ძახილს,
გული უსიტყვოდ იბრძვისა!..

ვაჟკაცსა გარჯა უხდების
და არა ღრეჭა- ლაქუცი,
ბედ არ შემოგწყრეთ ვაჟებო,
მართალზედ არ თქვათ აუგი

***

ნაქებ მასპინძლობას არ თმობს...
გვეწვიეთ, მიირთვით, ილხინეთ!
მასპინძლად შობილი ლაღობს
იქნება, ვინ იცის, ანგელოზ მეწვია
იჭვი ოცნებას ამკობს...
სტუმარი ღვთისაა, სტუმარი ღვთისაა!..
ავსულს დაჟინება ართობს...
სტუმართმოყვარე შენი ერი,
ნაქებ მასპინძლობას არ თმობს!...

***

შენს მტერთან ივლის
სტატუსს სტუმრისას ფლიდურად ირგებს,
ჯიქურ მოიწევს მერამდენედ ნავსი მოენე,
მსწრაფლ გაისტუმრე, შენს მტერთან ივლის;
იქა იყროლებს, იქადილებს, შურით იომებს...
***
ტკივილთან დაცდა
ძიების ჟინი დროს ჩაუსაფრდა,
და წამს აართვა გრძნობა ულევი,
შვილმა _მამისას, მზერა უგანა,
და ცას მიანდო ფიქრი უძღები

ქარმა ხის ტოტზე წასთვლიმა წამით,
მერე ზღვის ფსკერთან ჩაინავარდა,
მშობელსაც ბევრი დარჩა უთქმელი,
და შვილს მოუხდა ტკივილთან დაცდა

***

Комментариев нет:

Отправить комментарий