пятница, 29 апреля 2011 г.

პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili



პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili



***

ნურც რაი გინდა მგლებთანა
დაუნახავი გამოდგა
დღემდე მგლისფერი ქვეყანა,

ზოგი ჩემს ცეცხლზე შეთბა და
მერე გატენა ბერდანა


ალალად ნაფიქრ-ნათქვამი
მიისაკუთრა, იამა,

გადააკეთა, მოირგო,
არსი კი, იქნა იავარ

დაუნახავი გამოდგა
დღემდე მგლისფერი ქვეყანა,

მაგრამ უფალმა თვის კალთა,
ბევრჯერ მომხვია, ბევრგანა

შემათბო, მადლი მიბოძა
და განმიახლა ბექთარი,

მითხრა, შენ იმათ ნუ ელტვი,
შენ სხვა საქმე გაქვს ბედთანა,
სრულყოფა მცირეთ ხვედრია,
ნურც რაი გინდა მგლებთანა

***
უფალსაც ფეხი იმან დაბანოს
ის გეხმარება,
როგორც მას აწყობს,
როგორც ამაყი ბუნება ჰგუობს,
სხვაც, ასე ცდილობს ჩაგჭიდოს ხელი,
ხელი ხელს ბანსო და განა ცრუობს

მაგრამ ვის პირს ბანს საქმე ისა
,

ვის ხოცავს ნამუსს,
ვის სამკალს იმკის,
ვინ ვის შველის და ვისი ზრახვაა
შემნახავი თუ წამხდენი სიტყვის

ვის ართობს შენი ტანჯვა-ვაება,

თვალთვალით გაწვდის
სარჩო ლუკმა-პურს,

ქვეყნის ფერხულში, რომ არ ჩაება,
გშველის და გხატავს,
ვითარც უსახურს

მაგრამ ვინც წყალობს,

მწყალობელს თვისას,
ვინც შეგეწევა, ისე არ გავნოს,
ქველიც ისაა, მსახური ღვთისა,
უფალსაც ფეხი იმან დაბანოს
***

საქართველოს
მიწას, მიწას, მიწას მოვნატრებივარ,
გული, გული, გული ცისკენ მიიწევს,
არ შემომწყრე მოღალატე როდი ვარ,
წინაპართა საუფლოსკენ მივიწევ...
***


***
ტალღისგან ნაშობი… 

ზღვა მოდგა მთა-კლდესთან,
ზღვა _ ლურჯი სივრცე და
იცნეს ერთურთი
ტალღამ და
ყვავილმა

ტალღისგან ნაშობი
ზეცად რომ ავიდა,

მწვერვალზე დაეშვა,
როს მთაში ბარდნიდა
როს მთაში ბარდნიდა,
მზე იყო მცხუნვარე,
ფიფქს ცრემლად ჩაება
ზღვის წვეთი მხურვალე

ფერი ფერს გაენდო და
კლდისპირს ჩაეკრა,

გრძნეული იმპულსით
ზღვის წვეთი მღელვარე

ყვავილად იფეთქა,
შუქურად გაღვივდა 
და გემებს კლდისაკენ
უხმობდა მგზნებარედ

მრავალი დაიმსხვრა,
ზმანებებს ემსხვერპლნენ
ზღვის კაცნი, _ ცნობილნი,

გმირებად მქუხარე
და ბოლოს,
ტალღამაც იწვნია, მიიღო,
გრძნეულად შობილის
მიწვევა მგზნებარე _

კლდის მკერდი გალოკა,
ყვავილს კი, ვერ შესწვდა,
ვერც ზვირთი,ნაპირთან,
მრისხანედ მძვინვარე!

***


ხომ მხნედ ხარ ქართველო

ხომ მხნედ ხარ ქართველო!
ხომ არ მოიწყინე,
ხომ არ შემოგაკლდა ცეცხლი?
ხომ არ გეხარბება
და ხომ არ გადარდებს,

სხვისი ოქრო და ვერცხლი?!
ხომ მხნედ ხარ ქართველო!
ხომ არ დაძაბუნდი,
ხომ არ გაგილაჩრდა გული?!
ხომ არ დაიმშიე,
ხომ არ შეგამცივნა,
ხომ არ შემოგაცვდა სული?..
ხომ მხნედ ხარ ქართველო!
ხომ არ დაიბენი?
ხომ უძლებ უიღბლო ტკივილს
ხომ იცი სამშობლოს
სხვაგვარი სითბო აქვს,

ძველ ხნულში იმედი ღვივის

***


***

ბობოლა, ”შეძრულიღატაკზე ფიქრით… 

იდეა-სამყაროში, სამყარო იდეაში
აზრები ჩაბნეული სივრცესა და დროში,
იდეა-სფინქსი და იდეა კვაზარი
,უსაგნო გარჩევაღვარძლის და იფქლის”…

იდეა-პანაცეა, იდეა-მისტერია,
ინვესტიციები და დონორი ქვეყნები,
თავგზაბნეულნი წარსულს მისტირიან
და აქვე გრანდიოგეგმები


იდეა-მახე თუ იდეა-ხაფანგი,
იდეა-იდეაში, პროგრამა-ფანდი,
კრედიტი-”ტასისი”, დიდი შვიდეული
-
თქვენ გადაგარჩენთ სესხი და გრანტი!


იდეა-ოინი, იდეა-ფიქცია,
მსოფლიო პროექტები, მსოფლიო მისია,
ცხოვრების ნაცადი, ჯანსაღი წესი
ლამაზი სურვილი თუ მყარი დიქცია
ბობოლა, ”შეძრულიღატაკზე ფიქრით

ხალხი დაბნეული, ქვეყანა დარბეული,
გარშემო ცრემლი და დარდი,
კვაზი-იდეა და კვაზი-მონოლოგი,
იდეა-ხრიკებით კეთდება ნაღდი

იდეა-სამყაროში, სამყარო-იდეაში,
მცნება ჩაბნეული სივრცესა და დროში,
სიტყვა ჩანერგილი იდეა-სამშობლოში,
აი, უმთავრესი მრწამსი

***

როცამოყვრულადშემოდგა მტერი... 

მათ ეს ქვეყანა ქიშპით გაიყვეს,
კარგა აქნეს და დაახარისხეს,
ნაწილი მყისვე გაზიდ-გაყიდეს,
სხვაშებოლეს და დაამარილეს

მათ ეს ქვეყანარიხითმოირგეს,
ქლესაობაში უშნოდ გაცვითეს,
ხალხი გათელეს, ფეხქვეშ მოიგდეს
ხალხი ხალხია, მეტსაც მოითმენს

როცამოყვრულადშემოდგა მტერი,
ქვეყნის საშველად კაცნი მოიხმეს
დარჩენილიყო უჯიგროდ ერი,
არც ბერად იდგა კაცი თორნიკე...

***

ნუგეშისცემის და ერთგულების… 

შენ სხვათა ბრძოლას ეწევი ხშირად,
ერთგულად იბრძვი
თავს მოგახვიეს ათასი მითი და 
ნაყოფს იმკი
გამოცდილება გკარნახობს, გიხსნის;
სად გეთქვა უარი, არ გეთქვა ფიცი!
საფრთხეა მისგან ვისთვისაც იღწვი,
შენ მაინც შველი, მფრთხალია იცი,
ნუგეშისცემის და ერთგულების
კვლავ შეგრჩა ნიჭი...


***
***
არ გაბრიყვდე და არ დათმო

აქ, რომ მიწა შენს ნაკვალზ,
დახნულია, დათესილი,
ნერგჩაყრილი, მობიბინე
და ცის გუმბათს მორგებული,
ის ქმნის შენგან ციხე-ტაძარს
და მასშია დაფარული
ჭირთათმენა, სიტყვის გემო,
ტრფობის ალი, წვა გრძნეული
ამ ხეების ფესვებშია
მკვიდრთა შენთა სისხლთა საზრდო,
სხვა ქვეყნისა, იმ სხვამ უწყის,
იქ, ქვა უჩანთ ფუძედ _ სანდოდ
შენ, განგებამ სალოცავად, _
ეს გისაგზლა, მოგცა, განდო, _
მზით გამთბარი ვაზის გული
შენთვისა სცემს, შენთვის დარდობს
შენ კი, ჰეი, სად მიიწევ,
ვის ნაგავში ითხრი ხაროს,
ვის ჰკიდია შენი მშვილდი,
შენს მაგივრად ვინ ვაჟკაცობს?!
შენი სივრცით ვინ გალაღდა, _
ფარი იგი, ვისთვის ფარობს,
ფრინველ-ნადირს ვინ გიხოცავს,
შენი ჩიტი, ვის უგალობს?! 

არ გაბრიყვდე და არ დათმო 
შენი ქვეყნის საგანძური, 
ის ქმნის შენგან ციხე-ტაძარს, 
კვლავაც იყავ ღვთის რჩეული!

                                  
***

ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა… 

სურთ მიიტაცონ ქართული სივრცე,
ფესვი ჩაუჭრან ჩვენებურ ჯილაგს,
უნდათ მართალი ჯამბაზად იქცეს,
და ჰობად უჩანთ ამ ქვეყნის ჯიჯგნა

კვლავ თვითმოსპობის შეგვყარეს სენი,
ქართველი კაცი უღვინოდლხინობს”,
ვაზის ნაჟურსაც სხვა უჩანს ფერი,
დახეთ,
ისმოყმედახლის ქვეშ ფლიდობს

ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით,
თვალთმაქცობაა ცხოვრების ლიბო,
და ალუზია, ვით განაჩენი
იქცა ალიბად, რიტორი ლიზღობს

ვბნებააშლილი მადის სანაცვლოდ,
შერჩა ქართველი უცხოეთს მძევლად,
გულში შთენილი სტკივა სამშობლო,
დე, მოუვლინე სულის შემძვრელად

ღირსების გრძნობით აღანთე ერი,
აღძარ სიმხნევე საგზლად რწმენისა,
დასაბამიდან სამყაროს შვენის _
ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა

***
***
მცნებათა ნაკმევს

ფხიზლად მამულო!
რგული მძლავრობს;
ღვაწლს,
შემართებას მარჯვედ აშარჟებს,
ქართულ მეობას ქირქილით გვიმკობს,
მერე მალულად ლახვარსაც ჩაგვცემს

ფრთხილად ძმობილო! ნუ გაორდები,
ხრიკულ, უღირს მსჯავრს ნუ გაალაღებ
მომხდურთა ნირზე შვილთ ნუ გახედნი,
საკუთარ მერმისს ლაფში ნუ დასცემ!..

ხელისუფალო! ნუ გაშმაგდები;
მტრის ცბიერ ზრახვას მიზნად ნუ აქცევ!
მფარველ ანგელოზთ შესთხოვე შველა,
ერის წიაღში იშვი და აღსდექ!

და შენაც, მოყვასო! ნუ გაბრიყვდები
ლოცვით ნაზარდ მადლს ნუ ჩაანაცრებ,
ჯიშს ნუ მოუშლი ციურ წყალობას;
რასაც განგება ჩვენს რჯულზედ გასცემს

ვიცი, რომ გტანჯავს ათასი კითხვა
,მაგრამ სწორ პასუხს, ისე ვერ გასცემ,
თუ წრფელ მამათა მცნებათა ნაკმევს
არ შეისუნთქავ და გაიაზრებ!..
***

ვედრება შენი _ კიბედ აიგე… 

იდუმალ შვებას ვეღარ გგვრის სახე,

სახე, რომელიც სიყვარულს ითხოვს _
პირჯვარი წრფელად გამოისახე,
მოდრიკე მუხლი, სიცოცხლე გიხმობს

სულის ღადარში ფხიზლად ჩაეშვი,
იპოვე სუნთქვა და მაჯისცემა
შეიცან წამი _ თავიდან იშვი,

გაგვაძლიერებს ისევ დათმენა

აქ გაირინდე, იქეცი სმენად,
შენდობა სთხოვე არსთა გამრიგეს
წყენა ჩანავლდა, რიდით წამოდექ,
ვედრება შენი _ კიბედ აიგე

და განერიდე მიგდებულ ყოფას,
ძალთა გამომხრწნელ
მზაკვრულ სიბეცეს

უმადურ ბაგეს
უიღბლო განცდას,
და სასოწარმკვეთ ბრიყვულ სიქველეს

კიდევ მრავალი არსებობს მახე,
მახე ნაცადი _
წრფელიც შეიპყროს
პირჯვარი რწმენით გამოისახე,
მოდრიკე მუხლი, სიცოცხლე გიხმობს

***


***
გარდა ძირძველი სიყვარულისა… 

ეჰ, ყველაფერი მოძველდა ქვეყნად,
ვამბობთ მრავალგზის სინანულითა,
მონატრება კი შემოგვციმციმებს;
კვალად ძირძველი სიყვარულისა!

ეჰ, ყველაფერი მოძველდა ქვეყნად
მიმოვიხილავთ ცის და მიწისას
გული კი ურჩობს, ჩუმად ღიღინებს:
გარდა მოყვასის სიყვარულისა!

ეჰ, ყველაფერი მოძველდა ქვეყნად...
სულს ავიცრემლებთ შესაბრალისად,
თუმც, მოგვძახიან მთანი მაღალნი,_
გარდა სამშობლოს სიყვარულისა!

ეჰ, ყველაფერი მოძველდა ქვეყნად...
ამოვიჩემეთ თითქოს თილისამად,
და ჩამოგვცინის ზეცა მალულად;
გარდა ძირძველი სიყვარულისა!..
***

ბავშვის ტიტინმა გაამაყა
ცაი მოქარგა შენმა ღიმილმა,
შენი თვალების შუქმა დანამა,
და სიყვარული ასეთი წმინდა,
ბავშვის ტიტინმა გაამაყა
***

დაისრულ მართვეს 

ბოლოს, ეს გლოვაც ზეიმად იქცა,
გრძელდება შოუ აქაც და იქაც
იღვრება ფიცი საამო რისხვად,
მაგრამ მძევალი მტერს მაინც მიჰყავს

კვლავ ვინარჩუნებთ საკუთარ იმიჯს,
პეწენიკობა ხომ ჯიშად მოგვდგამს,
კეკლუცობს ახლა მორიგი კვიცი,
გაუხედნავი ვნებები იცავს

მივყვებით წარსულს ხელის ცეცებით,
ხელის ცეცებით ველტვით სიმართლეს,
სინდისიც გვქეჯნის, რომ ვერ ვუშველეთ
აფრენის ცდაში დაისრულ მართვეს

***
მერე სიშიშვლე ღრმად შეისუნთქა

შემოიფლითა ვიწრო სამოსი,
რომელიც, თურმე ბავშვობაში
ჩააცვეს ძალით
და მერე მუდამ ჩასჩიჩინებდნენ,
შენ, 
აგრე რიგად უნდა ბრწყინავდე!
შემოიფლითა,
მერე სიშიშვლე ღრმად შეისუნთქა,
იმავ სიშიშვლით
მიწას მკერდზე გადაუფრინა,
და მზის სხივს აჰყვა
***
***
მოიმედე ვარ მხოლოდ… 

როგორ ვარ, მკითხავ,
-
ისე რა, ვწვალობ!
ნესტი მიმძიმებს სუნთქვას,
კარიერისთვის უვარგისად მცნეს,
და ახლა აზრებს 
ვხუფავ!
როგორ ვარ, მკითხავ, _არ ვეპუები მარტოობაში ტკივილს,
მიწას ვარწყულებ კაცური ოფლით,
სარეველელასთანვიღწვი”…
როგორ ვარ?ისევ, უცხო ხმა მიხმობს,
მოიმედე ვარ მხოლოდ,
ვიღამ არ იცის
ვიღამ არ უწყის,
მართალი კაცის ბოლო
***

და გაზაფხულმა ლექსთა სულისა… 

როს გზა აებნა და დაიღალა
გადმოხვეწილი უცხო გულიდან,
შეიკედლა და მიელამუნა,
დაუნანავა ფიცხი სულისთქმა,გადაარჩინა ქალურმა ალღომ
და გაზაფხულმა ლექსთა სულისა
***
ქალის ეშხი 

ქალის ეშხი თუ მოედო
გინდამც იყოს იგი ბრძენი,
იწყებს ლაციცს, ფიქრში მაინც
წაუცდება სადმე ხელი
***

ნუ გარიყავ ძვირფასო 

ისევ შენსკენ მოილტვის
შენი ტრფობით ხელდება,
ნუ გარიყავ ძვირფასო,
თორემ მთლად გახელდება
მერე მთლად მოეშვება,
სხვაფრივ გამოშტერდება,
ნუთუ ასე ერთგული,
სულაც არ გედარდება?!
ვიცით, ვიცით ეგ შენი
თამაში და ფანდები,
ებუტები და არ თმობ,
სხვისთვის არ გემეტება
ისევ შენსკენ მოილტვის,
შენი უარით ხელდება,
ნუ გარისკავ ძვირფასო,
ნუღა გაუკერპდები!..

***
***
შენივე სულის სასაფლაოზე 

და თუ ტკივილმა
განურჩევლობით
მოიშთო თავი
ტკივილი,
როცა გაუცხოვდება,
და ტკივილს როცა
ვერ იცნობ შენსას,
შენ არ მომკვდარხარ
და ცოცხლობ მაინც
ერთსა გთხოვ, მიხვდი,
ბედნიერება
გექცა მრუშობად
და შენ იხრწნები,
შენივე სულის სასაფლაოზე

***
ნასახლარი
ტკივილი შენი ჩაეშვა ჩემში,
მოგონებების კალო გალეწა,
შარავანდედი ეფინა მიწას და
ყველა ცთომილს სიყვარულისთვის
უძგერდა გული
ტკივილს აკვანი უდგია შენთან,
და ბედად ჩვენდა
მეც
ტკივილის ნასახლარი მომეპოვება

***
მე სიყვარულით 

სევდით ერთნი ვართ
ცისა და მიწის,
და ამ სევდაში
გამომწყვდეულნი
ამბოხებული
სიცოცხლით ვიწვით
და თუ დუელში
მეპატიჟები,
თან იარაღის
ამორჩევის
ნებაც მიბოძე,
მე სიყვარულით
ვიბრძოლებ მხოლოდ
ნუ დამშვიდდები!

***
ურცხვი ნარჩენი 

შემოიტანა ქალმა სხვისი ნაფეხურები,
ვიღაც უცნობი კაცის მზერის
ურცხვი ნარჩენი
და შემოტევამ დამცემი იჭვის,
ქმარი მშფოთვარე, უნდოდ აღაგზნო
ძლივს დაამშვიდა ცოლის ცრემლებმა
მაგრამ ის კაცი,
შორეული სახლის მცხოვრები,
უიღბლო განცდის მძაფრი შემგრძნები,
ნანატრ სახებას ხვედა ალერსში
და იჭვი იგი,
ვნება-ვაების
ურცხვი ნარჩენით ილეშებოდა
***

***
ყოფა აბსურდული 

ჟამი არამტკიცე, უშნოდ აყაყაული,
ერთა წაკიდების, მოძმეთ განქიქების,
ჟამი კალმაგირთა, ლანძღვით დაქსასული,
ორგულთ სათარეშო, ყოფა აბსურდული

ჟამი ოინბაზთა, ჟამი თითლიბაზთა,
ჟამი ყოყლოჩინა, ჟამი წამხედური,
ჟამი კოკობზიკა, უძღებ მომხვეჭელთა,
ქვეყანაევრაზიადმეჩეჩზე გახიდული


***
რეგვენთა ლხინში… 

ანფასით, პროფილით,
ყინჩური დგომით,
ბიუსტის იმიჯით _
მარცხნიდან მარჯვნივ _
აფრქვევენ
ბრძნულ აზრებს
ძველბერძნულ სტილში,
და თავი უჩანთ
რეგვენთა ლხინში
უძღები კაცების
ბუნება ასეა,
უნდათ,
რომ არ იდგნენ
აროდესჩრდილში”,
ყასბური ჟინი აქვთ
დაკვლის და გატანის _
დახლზე გამოფენის
აქნილი სიტყვის


***
და მუზების სარკმელს ბურავს

ჩაიფერფლა და ჩანავლდა
სიყვარული მწველი,
აგერ სუნთქვაც გადაგვარდა,
შერევია სენი
სენი სნობთა და მეშჩანთა _
გესლსა ფერავს გესლი
და მუზების სარკმელს ბურავს
ნისლი ფერფლისფერი
ოღონდ, გვედრი, არ მოეშვა,
არ ჩაიჭკნო ფესვი,
დრო მომდგარა შემართების
სხვა გზნებით და ცეცხლით

***
პაწაწა კაცების ალჩუ და ალღუმი

მცნებები ქართული, მცნებები მომხდურთა,
მრწამსი და ნაკვლევი ნაფერებ ორგულთა

მოძღვრება ქმედითი, ფული თუ სახრავი,
ზმნის ფორმა ვნებითი _ აშენდა მპარავი

პაწაწა კაცების ალჩუ და ალღუმი,
პასაპარტუ მოხელის ხრიკული ალური

ცნებები ქართული, საკვეხნად ადვილი,
შემორჩა ვნებული, სიტყვათა ერთგული

***
***

სხვას, რომ მისცეს სისხლი, ფერი… 

და სამშობლო შვება შენი,
წყარო გრძნების, აღმაფრენის,
სიტყვა _ღვთიურ მადლის მჩენი,
გულით სისხლში დანაფერი.

ბუდე რჩეულ წინაპართა,
მართვეების ასაფრენი,
ღირსთ,არ ყვედრის 
შვილთა თვისთა,
სხვას, რომ მისცეს სისხლი, ფერი

და შეიგრძნობს უთქმელ ტკივილს,
მხოლოდ შვილი, ვინაც ჩვილი
სუნთქვით გრძნობდა რისთვის იყო,
ივერთ მხარეს მოვლენილი

რისთვის ფეთქდა მისი გული,
რისი კლავდა მას წყურვილი
რომ წილად ხვდა ცა-ქვეყანა,
მისთვის ღვთისგან მოქარგული

***

ბავშვობას ზეცად გადაეყრება… 

ჭარმაგი კაცი
მოგონებებს აღვიძებს სულში,
მშობლების ხსოვნა სითბოდ იღვრება,
სხვაგვარი სიბრძნით ჭკვაგახედნილი,
ბავშვობას ზეცად გადაეყრება
***

დამოუკიდებელი აზრის დატირება 


ყველა მთავრობა
ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი,

ზოგი პრისტავი, ზოგი ნაცვალი,
კომსტრუქტურიდან
ეროვნულზე ცანგალ-ცანგალით,

პერმანენტულად გარდამავალი...
მედროვეთ ყველგან
და ყოველთვის ჰყავდათ მსტოვრები,

წრფელი იდეის მოერიშე,
ყალბად ამგდებნი,
თუმც, ბევრს ებოძა მედალ-ორდენი,
წმენდაში მოხვდნენ
აქტიურისამეულებიც”...

მერე მოვიდნენ სხვაფრივ ფარულნი,
ჩუმად ლაღნი და ჩუმად სწავლულნი,
მათშიც ერია კაცი გამგები,
იმპერიულად
ეროვნულიჰქონდა ზრახვები...

ინფორმაციის უძღებ ბადეში,
ახლა ყველანი გავხდით მძევლები,
მავანს ჩაუდგეს თავშიმოდემი
და გახდა წევრი უცხო ორდენის...
ყველა მთავრობა
ჩვენთვის გახლდათ დედინაცვალი,

ზოგი პრისტავი, ზოგი ნაცვალი,
გლობალურ ქსელით
საქართველოს სარჩოს გამტანი,

პერმანენტულად გარდამავალი...
***


ჯანრი გოგეშვილი

სიზმრიდან ცხადში
პოეზია



***


***


***

Комментариев нет:

Отправить комментарий