პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili
ძირტკბილა დარდი…
სატირა ლირიკული აფექტით
ეჰ, რომანტიკა ჩაბარდა წარსულს,
წიგნის მკითხველი რის მაქნისია,
არა აქვს სარჩო, შემოსავალი,
ახლა კლუბებში სხვა ხალისია…
აფორიზმებით გაჰქონდა თავი,
მავანთ ართობდათ სწავლულთ მისია,
შეყვარებული გახლდათ ის ქალი
და შინ მიუხტა, არც კი აცია…
მაგრამ აიჭრა ცხოვრების კარტი,
ზედიზედ ყვავი ამოანთხია,
კაცს სულში ჩარჩა ძირტკბილა დარდი
და ოცნებაში ღამე ათია…
ყოფამ უგანა, ცხოვრების რიტმი,
ვერ ამოიცნო, არც უნაღვლია,
ქალმა სხვაგვარად იგუა იგი
და ქუჩა გახდა მისი ნათლია…
კაცი შეიქმნა ზედმეტი ტვირთი,
თითქოს ცხოვრობდა სხვებით, ნისიად,
შვილები დედას მიენდნენ შიშით,
წიგნის მკითხველი რის მაქნისია…
ქალი მღეროდა ღამეულ ბარში,
მიდრეკილება უკვე ნიჭია,
ბევრს მისი ტანი ახვევდა ალში,
შოუბიზნესი ხშირად რისკია…
ის მიიცვალა მკითხველის რანგში,
მწირად გასრულდა მწირის მისია,
თაროს ფიცრები კუბოდ მოარგეს,
წიგნები, თურმე სახლს მისტირიან…
***
და ძალას მატებს ლოდინის განცდა…
და სიყვარული ისე ძნელია,
ისე ძნელია უშენოდ ყოფნა,
რომ ეგ სიცოცხლე შემომელია…
ამგვარად, ჩიტი ჩიტუნა მოთქვამს…
არა აქვს ბუდე _ ქარმა დაშალა,
არა აქვს სარჩო _ თოვლმა დაფარა,
წყარო ანკარა ღვარმა წაშალა,
მზის სხივს ღრუბელი გადაეფარა…
ის კი, მისტირის სიყვარულს ნაზად,
და ძალას მატებს ლოდინის განცდა,
მიუსაფარი, განა შიმშილით,
სატრფოს ლოდინში ქცეულა ლანდად…
***
იარად გიჩანს მშვენების კვალი…
ქალს,
შენ გიმღეროდა მრავალი მოყმე,
უფრო მრავალი გხვევდა ნატვრაში,
და შერჩი სიზმარს, და ვნება მოჰყეფს,
სხვათა სარგებლით გამჯდარ ყოფაში.
შენ სილამაზით დაჩაგრულს ჰგავხარ,
ბევრჯერ იწვნიე მოშურნეთ ბრჭყალი,
და მომღიმარიც უმწეო ჩანხარ,
იარად გიჩანს მშვენების კვალი…
***
და მოუშუშდა წყალსაც იარა…
მერე აიჭრა ღრუბელი ცაზე,
ჩამოწვიმა და ზეცამ იხარა,
გადაირია ვარსკლავი მაცნე,
სინათლის ჩინჩხლი ჩამოგვაყარა…
ვეღარ იპოვა მერცხალმა ბუდე,
ფოთლების გვირგვინს გადეყარა,
და სიყვარულით გალეშილ ძუ მგელს,
გაზაფხულდაო, მწველად ახარა…
მგელმა შეღრინა, ცას შეყმუილა,
ლეკვები შქერთან ჩამოატარა,
თევზმა ქვირითი ქვას მიაფინა,
და მოუშუშდა წყალსაც იარა…
***
ცეტი აბრაგი…
დაჰქრის ნიავი, დაცუღლუტობს,
ნიავი დაჰქრის,
მოაქვს სურნელი თაფლუჭა მაჭრის…
დაჰბერა სულში ვნების ქარმა,
აფრას ეკვეთა _
აბაო, ვინ ვის!..
აბაო, ვინ ვის!..
კაცმა ჭარმაგმა გულს უგანა,
თვალნი დახარა,
ქამანდი სტყორცნა ფიქრთა რემას,
”ჰეი, ჭაღარავ!”
ქალი მიუხვდა, გაუღიმა,
თითქოს ანიშნა,
არ გეგებისო ასე გამიჯვნა…
იქნებ სურვილი ჰქონდა გაცნობის,
უფრო საშოვრის,
უფრო საშოვრის…
კაციც საშოვრის ფიქრით იყო
მძიმედ მოცული,
ცოლი მეშვიდე ბავშვზე ჰყავდა
კარგა ორსული…
ბაზარს მიჰქონდა ია-ვარდი
ბაღად მოსული,
ბაზარს მიჰქონდა ია-ვარდი
ბაღად მოსული…
სხვა გზას გახედა,
სხვა გზის ბოლოს მიანდო მზერა,
და სხვა საფიქრალს სტყორცნა ქამანდი,
აფრა მოზიდა, აფრა ჩაჭრა, აფრა ჩახია,
ქარს გაატანა ვნების ტალღა,
ცეცხლის მარაგი…
წავიდა ქალი, გაჰყვა სიტკბო _
სურნელ-ბადაგი…
ლაგამსა ხრავდა იქვე, გზისპირს
ბერი ულაყი…
და კაცს ეგონა,
რომ ამოჰკრეს მალვით ჭიტლაყი…
თვალს აცეცებდა ვით უიღბლო,
ცეტი აბარგი…
იმ ზრახვას ეყმო…
ყმაწვილმა ქალმა, სახით უმწიკვლომ,
…შეთავაზება საკუთარ ზრახვის,
ისე თამამად,
გამომწვევი ფერთასვლით შეძლო,
რომ კაცი წყნარი და ღვთისმოშიში,
ჩუმად აღინთო მწველი განცდით, _
ცოლის სიზმარში იცუღლუტა, _
იმ ზრახვას ეყმო…
ტყე ვერ იქნება უნადიროდ…
ნდომა, წადილი უნაპირო,
თუ სწრაფვა წრფელი,
ტყე ვერ იქნება უნადიროდ,
კაცს ვნება შვენის…
თუ დააუნჯებ, სიყვარულში
სხვა ტკბობა გელის,
მერე იმ ვნებას,
მშიერი კაცი ოცნებას ლამბავს…
დრამა ლირიკული აფექტით
ცივა, ზამთარი კარს აეკიდა,
ღრიჭოებიდან სუსხიმოჟონავს,
ცრემლი ობოლი თვალს ვეღარ მოსწყდა,
შენს მონატრებას რაღაცით მოჰგავს…
თუ ოპტიმისტურ ნოტებზე ბორგავ,
სულში ფრთხიალებს ფრთამალი იჭვი,
აგერ, ის ძაღლი ყმუილით მოსთქვამს,
ღრმულში ვარსკლავი ქრება და იწვის…
იქ იბადება იმედი კაცთა,
მომავლის სიტკბო და ფერთა დასი,
შენ შენი ცრემლით მოჰგავხარ განცდას,
რომელიც ბუდეს დაეძებს ცაში…
მშიერი კაცი ოცნებას ლამბავს,
პური საძღომად რომ ჰქონდეს ოჯახს,
და ცოლი იგი, სხვა კაცზე ფიქრობს,
გაზაფხულით რომ შეუცვლის ზამთარს…
მაგრამ ბავშვები ცით მოვლენილნი,
ჟღურტულ-თამაშით აქრობენ ხანძარს,
ბუხართან კატა ზის დაღვრემილი,
ქალი მას ანდობს სიყვარულს ნაძრახს…
კვლავ ცოლად რჩება, ყოჩაღ მესაჭედ,
ქმარს რჩევას აძლევს და უკვლევს გზა-კვალს,
კატა რაღაცით მოჰგავს მებაჟეს,
ფარული ვნებით ჩასცქერის ღადარს…
***
***
ის შეუშინდა შენს უკმეხ თვალებს,
პირქუში მზერით დაწვი ეული,
ავი ნირი გაქვთ საქმიან ქალებს,
ცდილობთ მოარგოთ მამრს საყელური…
ძაღლის ოცნებას ბევრი არ ამხელს,
მოვლილი ძაღლი ქუჩის ძაღლს უღრენს,
შენ გხიბლავს კარგი, მსახური მამრი,
რომელსაც ხშირად ქირდავ და უტევ…
ის შეუშინდა, მაგრამ შენი ცდა
გამოდგა უფრო მოხერხებული,
და შეაბნიე გულმკერდზე განცდა, _
მხურვალე ვნების სუნთქვა გრძნეული…
შენ ემსგავსები დაგეშილ ფრინველს, _
ბაზიერს უნარს და ალღოს მატებ,
ასაკოვანი კაცის ალერსი,
ნაღდი გრძნობით გწვავს და გათამამებს…
***
წარმავალზეა ფესვგადმული
თვით სიყვარულიც, _
საკუთარ თავის
გადასარჩენად გამოგონილი…
და გეშინია დაკარგავ იმას,
რაც საწყისშივე არ იყო შენი…
და ჰა, იმედი უკანასკნელი...
ნეკერა გოგო სიყვარულს ითხოვს
და სიყვარულში თენდება ღამე,
ქალი ზრდასრული, სხვა ალერსს ნატრობს
და ტირის ზოგჯერ უცრემლოდ, მწარედ…
ჭირვეულობა თუმც ჯიშად მოსდგამს,
აღარ დაეძებს ვაჟს ტანადს, საროს,
ოღონდ კაცობის ჰქონდეს ხარისხი,
ოღონდ ეახლოს და მიეახლოს…
და მოიმწყვდიოს მკლავებში მძლავრად,
ოღონდ სინაზით, არ შეურაცხყოს
და უერთგულოს არჩევანს მამრმა,
ინდომოს ქმრობა, არ გადიკარგოს…
და მარტოობა გაუსაძლისი,
აშოროს ბედმა, ლოცვებში ნატრობს,
თუმც მარხულია და მონანული,
მაგრამ ოცნება სხვაგვარად ართობს…
სურს დაამშიოს ფარული ლტოლვა,
სურს დაიმშვენოს ქალური კდემა,
მაგრამ რა უყოს, რარიგ მიჩქმალოს
დაუკოცნავი ტუჩების კვდომა…
და ჰა, იმედი უკანასკნელი ჭკნება
და ქალი იზოგავს ვნებას,
მკვდარია,
მკვდარი უკოცნელად ქალის ტუჩები,
მხოლოდ სიზმარში თუ ჰპოვებს შვებას…
***
***
ალეგორიული ბალადა
სიყვარულმა ზღაპარი შვა,
ზღაპრის გმირი შავთვალა,
პრინცმა გოგო შეიყვარა,
დედაბერმა გათვალა…
ქორწინება მაინც შედგა,
პრინცსაც ერგო მეფობა,
გოგომ ძალზე მოიწყინა,
დედოფლობას მორცხვობდა…
ოცნებაში ველად იყო,
ყვავილების სურნელში,
ჩიტი სულში მიმალული,
იყო მისი ნუგეში…
მეფის დედა, გულღრძო დანი
თავხედობდნენ და ხარბნი,
მეფეს ხშირად ახსენებდნენ:
-შენზედ ჩვენ გვაქვს ამაგი…
მერე მოდის განშორება,
ფათერაკი ურიცხვი,
დედოფალი ქვრივდება და
ხდება ურჩი, გულფიცხი…
სამეფო კარს ელდა ეცა,
უღირსს ძირავს უღირსი,
მთა ჩამოწვა, ეტლს დაეცა,
დაფლა ქალნი უვიცნი…
დედაბერი მთლად გაავდა
და სიავემ გათანგა,
ბოროტება ვეღარ შვა და
თავის ღვარძლში გათავდა…
ქვრივს დაშვენდა სითამამე,
არვის მართებს მონება,
წარმოჩინდა სილამაზე,
გამჭრიახი გონება…
სამეფო კარს შეემატა
ღირსეული ფერები,
ქალს, სამშობლოს სიყვარულმა
აღვრევინა ცრემლები…
და საწყისი მშვენებისა
სიყვარული კვლავ იშვა,
რაინდმა ქვრივს უერთგულა,
აქ სიკეთემ აიშვა…
ბევრმა იცის ეგ ამბავი,
სიყვარულის არაკი,
და ხრიკები ძველთაძველი
მეორდება ათასგზის…
ქალი მორცხვი, სათნო, მშვენი
ხდება მტკიცე და მალი,
ქვრივის ძაძებს იალქნად შლის,
იღბალს მოაქვს ნადავლი…
***
***
თუმც მასხარაა გამოჩენილი...
ჩემი ვაჟიშვილის ნახატისდა მიხედვით...
მიცქერს მასახარა ჩემი კედლიდან,
ფიქრს შეუპყრია, ჩანს დაღვრემილი,
მიტოვებული ქვეყნის ბედს ნაღვლობს,
თუმც მასხარაა გამოჩენილი...
ართობს პირველ პირს, ზოგჯერ მეორეს,
მესამეს მხოლოდ ნდომით უღიმის,
ის პრინცესაა საქმროს დაეძებს
და შვენის ოხვრა ჩუმი და ფრთხილი...
მასხარა მასხრობს, ძველ ამბებს ყვება,
მინიშნებებით ამბობს ნაღდ სათქმელს...
მეფე ერთობა, პრინცესა ხვდება
სად შეაცურა ნავი მენავემ...
და ირჩევს საქმროს მასახარას რჩევით,
ხუმარა კაცის ალღოს ენდობა,
მერე კისკისებს მალული ვნებით,
ბოლოს გარბის და ცრემლად იღვრება...
ბავშვობიდანვე უყვარს ეგ კაცი,
ენაწყლიანი და ოინბაზი,
ვინც ძალისხმევით გახდა თვალთმაქცი,
რათა მოერგო მასახარას ჩაჩი...
გადაიკეთა სახე წვალებით,
სანდო იერის წაშალა კვალი,
მაგრამ შემორჩა ფაქიზი სული
პრინცესას გულში შემღწევი ალით...
***
მზე კაცთა მოდგმის გონებას არწევს…
მზე სიყვარულით დაგვნათის თავზე
და მისი სითბო ისე მწველია,
თავად ყინულმა ააგო მასზე,
ფარული განცდა და ჰარმონია…
მხოლოდ სინათლის და სითბოს მაცნედ,
ჩვენ გვესახება მისი გენია,
მზე სიყვარულით დაგვნათის თავზე,
მზეს იდუმალი ფიქრი სჩვევია…
მზე კაცთა მოდგმის გონებას არწევს,
ნანას უმღერის მიწის ფერიას,
მზე სიყვარულით დაგვნათის თავზე,
მზე იდუმალი გრძნების მცველია…
***
უნდა გაუძლო…
თვით სიმწრის ოფლსაც,
მოაქვს შვება და მისახედია…
მამულიშვილურ სიბრძნესთან კარგო,
მომხდურის სიტყვა კვლავ სახედნია…
ერთგულება ხომ მზაკვარსაც აფრთხობს,
და ურჩის ცოდნაც დასაბერტყია,
ჩვენზე კი, თავად სამყარო დარდობს,
და ეს მამული შვილთა ხვედრია…
***
***
ნავი უნიჩბო მიჰყვება…
ყველა თავისას მიიგლეჯს,
ყველა თავისას ხრავს,
ცას ჩაუხსნია საკინძე,
ქალი ცის ვნებას ნთქავს…
გზად გადშლილა ყაყაჩო,
თოვლი ასულა მთად,
შემორჩენილა სალაშქროდ
მხოლოდ ფუტკართა სპა…
ყვავილის გულში მზე ხარობს,
მწყემსი მიწასა ხნავს,
ნახირი მგელმა წაასხა,
მოსწყდა ნიჩაბი ნავს…
ყველა თავისას წაიღებს,
ყველა თავისას ზღავს,
ნავი უნიჩბო მიჰყვება,
თავის იღბლიან გზას…
***
ღმერთო, იმ ბიჭს შეეშველე…
ცის უბეში ღრუბელი თვლემს,
აფახულებს წამწამებს,
აგერ, გოგო გრძელკანჭება
კაბას იპატარავებს…
თვალი გვერდზე გაუხტება,
გული შეჰკრავს მალაყებს,
ბიჭის ფიქრში გოგო მზეობს,
ურჩევნია ყველაფერს…
გოგო ანცობს, ეპრანჭება
ჯიბესქელა გურმანებს,
თეძოების გამომქნელი
მალე დაამუღამებს…
ის ღრუბელი, როგორცა ჩანს
გოგოს იღბალს განაგებს _
ღმერთო, იმ ბიჭს შეეშველე,
ვინც სიყვარულს ვერ ამხელს…
***
სუბლიმაცია…
და შეთრთვილული ოცნებები
ცისარტყელაში
სულს რომ ჩაითქვამს,
და მაგ ბაგიდან
გამოყოლილ
ალერსის სიტკბოს
სხივი ჩაიწნავს…
ამოფრინდება უჩვეულო
ბგერათა როკვით,
ციურ სხეულში
მონატრებად ჩაისახება,
შეეფეთება ვინმე ეულს
გრძნეული ნდომით,
შველად მიუვა,
გამოექცა ნიავი შფოთს,
ქარიშხალს და ქარაშოტს
მარაოში თვალებს ნაბავს,
ლამაზმანთან ბაასობს...
რა კარგია სალონური
გატაცება და ვნება,
ყავა, ვისკი, თუნდაც ჩაი,
ქალი მწიფე თავნება...
შეშას ჩეხავს ნაღდი მამრი,
ღუმელს ანთებს ადრიან,
სიამტკბილემ უყო განი
და სოფლურად გარიყა...
კუდიანი ქუდს წაართმევს,
ქარაოცი გაკილავს,
ნანებივრალს, ქვეყნად ნათრევს
ეჩვენება ”ნანინად”...
მამრი მამრობს,
ძალა ერჩის,
სიყვარულის ალი სწვავს,
ქალსაც მასზედ გული ეწვის
მეტად ვეღარ გაწირავს...
გამოექცა ნიავი შფოთს,
ქარიშხალს და ქარაშოტს,
მარაოში თვალებს ნაბავს,
გულისწორთან ბაასობს...
***
ვინც აიბზუა ტუჩი ალალზე…
ბაზართან იდგა ”ლამაზი ქალი”,
ვინც შორი ტრფობის იყო საბაბი,
ვინ თავის დროზე ჭაბუკთა გულებს,
მთლად უმოწყალოდ მოსდო ხანძარი…
ვინც აიბზუა ტუჩი ალალზე,
ასგზის გათვალა საქმრო რჩეული,
მაგრამ ცხოვრებამ მაინც უმუხთლა,
საწუთროს შერჩა ვითარც ეული…
ქმარმა დაჰკარგა შოვნის უნარი,
მერე გალოთდა და გავაგლახდა,
შვილებმა იწყეს გარე წანწალი,
”ლამაზი ქალი” ვეღარას გახდა…
კაცის სიყვარულს გულს ვერ უდებდა,
აღარც სხვა ვინმე შერჩა ერთგული,
ბაზარს მიადგა, ბაზრის კიდესთან,
იწყო ვაჭრობა ”გრძნებად” ქცეული…
თვალცრემლიანი მოჩანდა საწყლად,
ფიქრში ომობდა თავგადაკლული,
და სიყვარულში ანგარიშიანს,
უბეში ჩარჩა ნავაჭრი ფული…
***
***
განცდამ კერპთანც წაივახშმა…
დაყიალობს იჭვი სულში,
ტოვებს ფარულ ნაკაწრს,
თუმც,
არც წყენა უდევს გულში,
ვერც სიყვარულს ლამბავს…
გარეთ ცივა, მზე კაშკაშებს,
კვირტი უთრთის ჭადარს,
სტროფებს
გზავნის, ვით ბარათებს,
პასუხი კი არ ჩანს…
განცდამ კერპთანც წაივახშმა,
გაუღვივა მადა,
შორით მალვა არ ივარგებს,
ქალი თვალებს ნაბავს…
***
და შურს იძიებს თვალთვალზე ალბათ…
ქალი, რომელიც ტოვებს ამ ქალაქს,
ღამის წყვდიადში ხმას სევდით ნაბავს,
ხვაშიადს უმხელს დიჯეი ნაზარს;
სურდა ”ინტიმი” ვერ შეძლო გახდა…
რადგან შებოჭა მძაფრმა თვალთვალმა,
რომელიც, თურმე ამ ქალაქს ახლავს…
ქარაგმით ურთავს: ”წყურვილს” მოიკლავს,
მაგრამ, ვერ შეძლებს ”მეუღლის” ღალატს…
***
სხვა სიცოცხლით ირჯება და ფეთქავს…
მწიფე ნესვი, ორსულ ქალსა
შემოადნა სიზმარშია ნერწყვად,
მოეცარა ვაჟკაცს ხელი,
ცაში არწივს ეცილება ძერა…
ფრთების კონა ანუ ჯიღა
ტვინს უმშვენებს ახლა პოლიტმეძავს…
წყლის ნაყვაა ყველაფერი,
შემქირქილებს ნასოფლართან მელა…
მაგრამ არა, ვეურჩები
”ჭკუადამჯდარ” მედროვეს და მჩხაბავს,
ირკვევა, რომ შავი ხვრელიც
სხვა სიცოცხლით ირჯება და ფეთქავს,
პოეზიის სულის კერა,
კვლავაც ბევრჯერ გამოკვერავს "მერანს"…
არც ვინ კვდება ისე უშნოდ,
არ იცოდეს მისი ფასი ზენამ…
აკვარიუმში…
გემის ნამსხვრევებს
ჩამოყოლილ აკვარიუმში,
კვლავ არხეინად დაცურავენ
ციცქნა თევზები
და არც მიუწევთ გული ”ზღვისაკენ”…
***
Комментариев нет:
Отправить комментарий