пятница, 29 апреля 2011 г.

პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili





პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili



***
ჩრჩილმა შეჭამა მცნების დავთარი

კურნების ნიჭი, ვისაც ებოძა,
ბევრმა მოხვეჭა ოქრო დიდძალი,
განუკურნავი დარჩა ობოლი,
მიუსაფარი, გლახა მრავალი
კურნების ნიჭი, ვისაც ებოძა,
სხვათა ნადავლის გახდა მჩხრეკავი,
სხეული კაზმა, სული დაობდა,
ჩრჩილმა შეჭამა მცნების დავთარი
კურნების ნიჭი, ვისაც ებოძა,
ხეირი ნახა ფრიად დიდძალი,
ბევრი ილაყბა, უშნოდ იბრძოლა,
და შერჩა სული განუკურნავი
***
ხარბი
დიდხანს ნატრობდა,
ისე დიდხანს და თავგანწირვით,
რომ დაისეტყვა დედამიწა
ძვირფასი ქვებით
ცა ჩამოიქცა ოქროს ზოდებად,
ჩააქვესკნელა სიცოცხლის ნერგი
ხარბმა მოასწრო
ოქროს ზოდი დაედო მკერდზე
და ჩაებღუჯა ძვირფასი ქვები
***
იაფ ნადავლად ქცეული სიტყვა
უცრემლოდ ტირილს
და უხმოდ ქვითინს,
ეჰ, ვინღა ამჩნევს, ეტრფიან ქირქილს
პოეტი დუმდა და სევდას გვრიდა
უთქმელი სევდა ნაბრძოლი სიტყვის

სიტყვა ნაცადი ხმლად და ფარადა
ქცეული ფანდად, ბრმა სატყუარად,
უიმედობის და არგატანის, _
ჟონგლიორობის გახდა საგანი

და მედროვესაც ჰქონდა მტკიცება,
რომ სიტყვა მისი და დაფიცება,
იყო ქვეყნის ხსნა და გადარჩენა,
ნაფიქრ-ნანატრის ერთად ახდენა

პოეტი დუმდა და ტკივილს გვრიდა,
უთქმელი სევდა ნაცადი სიტყვის,
უშუალო ნათქვამს და უხმო ლოცვას
ვინც დაგიდევდა, ცად ჰქონდა ფიქრი

***
ცრუ დაპირებების გავბულვარ მახეში
გვფარავდეს უფალი, გვფარავდეს უფალი,
მოძმედ მოგვეჩვენოს ცხრაპირი მუხთალი,
გვფარავდეს უფალი, გვფარავდეს უფალი,
ვისწავლოთ გარჩევა ნაღდის და მურდალის
იფქლის და ღვარძლისა, ენუქას ანდერძის,
ცრუ დაპირებების გავბულვართ მახეში
***

***

მაგრამ ის
ჰოდა, ვიღაც ხომ მაინც რჩება
ჩუმად სარკმელთან, 

განა ყველანი გარეთ გარბიან
აგერ, ყოჩაღი ბიჭანჭურები
ტრანსპარანტებით მთაზე ადიან 

და აფრთხილებენ იქიდან მავანთ,
 ქვეყნის დალაშქვრით იმუქრებიან 
სისხლი სწყურიათ, 
სისხლი სწყურიათ, 
ოლიგარქების სისხლი სწყურიათ 
არც იმათ ეთქმით თურმე ჯაბანნი, 
კეთილმოწყალედ იღიმებიან 
ზნეობრივ მრწამსზე ხმას იმაღლებენ
და სამომავლოდ იქაჩებიან 

სხვებიც დრტვინავენ, 
სხვებიცა ქშენენ, 
შიბაქს ბერავენ, 
დავლურს უვლიან, 
მამულისათვის, 
მამულისათვის
ხმებს იყენებენ, 

იფხრიწებიან 
მაგრამ ის, 
ვინაც რჩება სარკმელთან, 
ვინაც, ბრალდებას ისმენს ათასგვარს 
ვინაც, სიყალბემ ისე დაღალა, 
რომ ლამის გულსაც მისწვდეს ჭაღარა 
ცას გასცქერის და უფალს ევედრის _ 
ტყუილ არჩევანს წაართვას ძალა


***
 

პირობა იგი იქცა მსაჯულად
კვლავ ძველებურად წმინდაა სიტყვა, 
რომელიც ასე ურცხვად დაჯიჯგნეს, 
კარ-კარ ატარეს ვითარც სინდისი, 
მერე მიაგდეს და ფეხით სრისეს
 კვლავ ძველებურად წმინდაა სიტყვა, 
რომელიც ასე ქურდულად ძარცვეს, 
მოირგეს, ვითარც წმინდა სამოსი, 
მერე კი ბინძურ ზრახვებით ფარცხეს 
იქადილეს და იბაქიბუქეს, 
ქვეყნის დოვლათი გაინაპირეს 
წყალს გაატანეს კაცის ღირსება, 
მომხდურთა წესი გაითავისეს 
მერე ერთურთსაც მარჯვედ უგანეს, 
ღვარძლი ანთხიეს, ეშმა ახარეს 
სიტყვას ვერ მისწვდნენ, 
ვერ მოიხელთეს და
მისი მადლი ვეღარ იფარეს 

ვეღარც კარდაკარ ატარეს მძევლად, 
ვერც ავაგლახეს და ვერც ჩაფარცხეს, 
პირობა იგი იქცა მსაჯულად, 
ცრუ აღთქმას ხმები ვეღარ მოარგეს
კვლავ ძველებურად წმიდაა სიტყვა, 
სიტყვა, რომელიც ასე გაძარცვეს

***


*** 
კელენი
კელენი ეთქმის მცირე სახლაკსა, 

მცირე სახლაკზედ უფრორე მცირეს, 
ძვირფას თვალივით უჩანს სარკმელი, 
იფარავს კაცსა სუსტსა თუ ძლიერს 
კელენი არის სავანის უბე
და განუყრელი მესაიდუმლე, 

განმხოლოებულ კაცსა თუ ქალსა, 
კელენი შესძენს ღვთიურ სისრულეს 
იგი სამოსად შეერწყმის სხეულს
და სიტყვას უწვრთნელს ლოცვად აღავლენს,

 სწყალობს მონანულს, შვებას ჰგვრის ეულს
და ლოცვის ფრთებზე სუნთქვად დააფენს 

კელენი ჰკურნავს შურსა და ღვარძლსა, 
კელენი ჰკურნავს გულის სიხარბეს, 
კელენი სხვაგვარ სიმკაცრეს კვერავს, 
კელენი გხვეწავს და გაქანდაკებს
 კელენი თრგუნავს გადამძღარ კაცსა
და ნამარხულევს მოჰგვრის სიამეს, 

განმარტოებულს შვენის დათმენა,
 ხმაი გალობის სულს განუახლებს 
კელენი მოჰგავს ძმას მესნეულეს, 
შემწეს ავადმყოფ ბერთა და მწირთა, 
აღძრავს სიყვარულს სხვაგვარი კრძალვით
და შეგვახსენებს მსგავსნი ვართ ღვთისა 

კელენი გახლავთ მცირე სენაკი _ 
უდაბნო, თოში _ იქვე ბაღნარი
 სამყაროს იტევს მცირე სახლაკი,
 ძალუძს კურნება _ დაეც ბანაკი!
 

***
შთაბერე, _ მამულს არ ავნოს
წმინდაო, ძლიერო, უკვდავო! 

ქარს მიეც მტრისა ნაქადი, 
დაეც, მზაკვრულად უნივთო, 
ენაზე მოსდე ქამანდი 
წმინდაო, ძლიერო, უკვდავო! 
უძლურჰყავ ფლიდითავადი”!
 მოკეთედ გიჩანს უგვანო, 
უმრავლე კეთილზე დარდი 
წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
 უკვდავჰყავ ერზედ ამაგი 
შთაბერე მამულს არ ავნოს, 
ისე გამოწვრთნას სარანგი
 წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
 აბჯრად ჰყავ კურნების მადლი, 
ავმაღლდეთ, შფოთი განვაგდოთ, 
ჩავუჭრათ წუწკ-ვერაგს ფანდი 
წმინდაო, ძლიერო, უკვდავო! 
ქარს მიეც მტრისა ნაქადი
***


***
ცუღლუტ ფიქრს ნაბავს 
სატირა უშუალო ხედვით 

ცუღლუტი კაცი ითხოვს სიმართლეს,  
თითქოს არც ახსოვს, რა ზნისა არი 
შესჩივის უფალს, რომ არ დაინდეს
და რომ ცხვირიდან ადინეს ძმარი 
ცუღლუტი კაცი ითხოვს სიმართლეს,
 სჯერა სხვას ადევს კაცობის ვალი, 
და ჰყვედრის უფალს, ვერ უერთგულეს, 
წაღლიტეს ფული, ფლიდობდა ქალი 
ცუღლუტი კაცი ცუღლუტ ფიქრს ნაბავს, 
უნდა, რომ უფალს აუბას თვალი, 
თავს მოისაწყლებს საკუთარ თავთან, 
ლამის განქარდეს თვალთმაქცის კვალი 
და როს უსაფრთხოდ თავს დაიგულებს,
 კისერს წაიწვდენს საკბილოს წვდება, 
გამოხრავს ათგზის მოყვასთა გულებს, 
მალე კი ისევ სამდურავს ჰყვება
***
სამკალი ესე
დრო მეორდება, ახსენებს წარსულს, 
კვლავ შეაპარეს შხამი და გესლი, 
მომავლის ზღურბლთან, ჩასაფრებული
მახის მქსელავი მედროვე ელის 
რომ დაჰკრას, დასცემს და გადათელავს _ 
სამკალი ესე, არის ბრიყვთათვის
ღმერთმა უშველოს!..”, ჩაესმის ფიქრში,
შხამი ჩაჰღვრია ყრონტში, ღაღაბში…”
***
ენის წვერზე ჩეჩავენ 
ეხ, ”მაგარი ბიჭები”, 
რარიგ დაჩაჩანაკდნენ 
ენის წვერზე ჩეჩავენ
ლიბერალურ არაკებს, 
სხვათა წესი, ადათი, 
ფარად უმალ იმარჯვებს; 
ქრისტე ხშირად იმოწმეს, 
სული ვერ დაიამეს
***
დარდსაც უხდება თვისი ლაგამი
ყველა თავისი ფერით ერთობა, 

ზოგს ზეცა მოსწონს, ზოგს მწვანე ველი, 
თვალი გზვერავს და თვალი გამოწმებს, 
ზეციურ სევდას სიწრფელე შვენის
 სადღაც შორიდან გიჭვრეტს შენ იგი, 
ყოველი მოდგმის, ჯილაგის მჩენი, 
გაკრთობს უჯიშო კაცთა სივილი, 
თუმც, შემართებით გაგაქვს ეს დღენი 
იმედიანი შეგარქვეს კაცი, 
დარდსაც უხდება თვისი ლაგამი, 
ხელოვნებაა, როცა სხვას შველი, 
გულაჩუყებას მოსდევს სხვა მადლი
***



სამშობლოს შენსას, მომავალს მისას 
დრო მიჩხრიალებს, არ ფიქრობ დროზე 
ქვიშის საათი, თითქოს იცლება, 
ბებერი ცაცხვი კვლავაც შრიალებს, 
ფუტკარი ყვავილს ეალერსება 
წარსული იქცა მრავალწერტილად 
დასრულებული აზრი კი არ ჩანს,
 მრავალი მადლი გადათელილა, 
ცხოვრება, ისევ გაძლევს მორიგ შანსს 
მიხედე წარსულს, მიხედე მერმისს, 
და აწმყოს რგოლით მკვიდრად შეჰკარი, 
სამშობლოს შენსას, მომავალს მისას, 
ჯიშს მატებს ფესვთა ამონაყარი

***
სხვაგვარია პრივლეგიის განცდა... 
დანაწევრდა ერთიანი ტაში, 
დანაწევრდა ერთიანი ვაშა, 
ნუ ჩახტები, უნიჩბოა ნავი, 
არც ანძა აქვს, რომ გაშალო აფრა! 
თუმცა არა, მიგაქანებს ჟინი, 
სხვაგვარია, პრივლეგიის განცდა, 
პირველ პირთან ჩამოჯდომის შანსი, 
არ გაუშვა, რას მიქვია დაცდა... 
თუმცა უკვე, არც ვინ მოსჩანს ნავში, 
მეფესაც კი უფიქრია გაცლა, 
აგერ, ტივით მისუნსულებს კადრში...
ნავი?
-
ნავი იძირება, ბასტა!.. 
მაგრამ მაინც თავგანწირვით ხტები, 
სხვაგვარია პრივლეგიის განცდა, 
ხალხი ფიქრობს, რა ერთგული, ვაგლახ! 
რა ვაჟკაცი შეეწირა მტარვალს?!

***
ჩადექი, ჩადექი მწყობრში!
ქილიკაობა საკუთარ თავთან...
მიუშვი სხვაც და
მოძოვე შენც!
ჩადექი, ჩადექი მწყობრში!
გახსებეს თავისას,
ვითომდაც მოკეთე,
ყველა გზა მიდისრომში!..”
შეეშვი მხილებას,
მიჰყევი დინებას!
ვარსკლავებს უმღერე
ვნებითი ბოდვით,
არ გინდა, ხომ ხედავ
ისჯებათავნება”,
ამყოლი აღჭურვეს
საფიცი ნდობით...
მიუშვი სხვაც და
მოძოვე შენც!
ჩადექი, ჩადექი მწყობრში!
***

ფრთებად გამოება უკუნის ხვაშიადს 
იწივლა სინათლემ სიბნელის წიაღში, 
ფრთებად გამოება უკუნის ხვაშიადს,
ტკბილსახსოვარიდა გულისგულსნადები
ყიამ ღამესაც და წყვდიადსაც ჰქონია 


ფრინველი შეივსო, ცისკარი გვახარა, 
გული კვლავ აღივსო სინათლის გენიით, 
ოცნება ჩაიკრა დრო-ჟამის ღადარმა, 
გამოცხვა ლიბრედი, სიმუქის მანტიით 
და ჰა, კვლავ ინათა, მირაჟიც გადარჩა, 
ჰორიზონტს შემორჩა ზმანება სხივური, 
იწივლა სინათლემ, წყვდიადი დარახტა
და მწველ მოგონებად უქცია წარსული

 
***
 

მგზავრი არ ჩანდა
ბილიკიც გზაა, თუმც საცალფეხო, 

ფრიად და ფრიად ნაამაგარი, 
და მრავლად უწყის საწუთისოფლო, 
ბილიკთ დამქნელი, კაცი მედგარი 
ბილიკი მისი მწვერვალთან შეწყდა,
ის გახლდათ მისთა ფეხთა აკვანი, 
აქ, აისვეტა ოცნება ზეცად, 
და ციურ ბილიკს შეჰყვა ფრთამალი 
ვერ შეელია მიწიერ განცდებს, 
დაქნა ბილიკი ნაოცნებარი, 
მგზავრი არ ჩანდა, _ აკლდა სანახებს
ტერფთა და ფლოქვთა ნაამბორალი 

სოფელი არის ყოველდღიური, 
ყოველდღიური სწრაფვის სამკალი, 
ზესთასოფელი _ ზესთასოფლურად
ამქვეყნიური ცნების საწყავი 


***

ყოველ სიტყვაში

თუ ვერ გაიგებ, ცადე იგრძენი,
ყოველ სიტყვაში ზის ხვითო ბრძენი,
ფიქრსაც სჭირდება კალო-საბძელი,
ჰა, იაზროვნე და გაინძერი
***

მხოლოდ რჩეულნი იცნობენ მოსულთ 
სინამდვილიდან გარბის საწყისი, 
წავა და წასთვლემს სადმე სხვა მხარეს, 
ჩვენ კი შეგვრჩება ხელში მერმისი, 
რომელიც მწველად აგვიხელს თვალებს 
და იქნებ ჩავწვდეთ სამყაროს ანბანს, 
სამყაროს სუნთქვას ავუღოთ ალღო, 
არ გავაყოლოთ წყალს ჩვენსა ნაბანს, 
სიცოცხლის აზრი და გზისა ბოლო 
მხოლოდ რჩეულნი შეძლებენ წინსვლას, 
მხოლოდ რჩეულნი იცნობენ მოსულთ, 
და სიყვარულის სხივებად მისვლა, _ 
ეძლევა წრფელი გრძნობებით მორთულს***


***
მამა შიოს _ არქიმანდრიტს, _ 
დიდი მონასტრის წინამძღვარს
მონასტერია შენი სიცოცხლე და
ხვალინდელი დღის აღსარება, 

ბევრი შეგჩივის და თავს გაცოდებს, 
ზოგიც იღვრება მთლად არაკებად 
შენა ხარ შემწე, წრფელი იმედი, 
სავანე ძმათა, სულის კელია, 
და თუმც, მავანი სხვაფრივ იკვნეხის, 
ლექსთ კრებულს შენსას ვერ შეელია 
ნუ შებრკოლდები, მიჰყევ სივრცულ გზას, 
მათემატიკა ჯაბნა გალობამ, 
შენების ნიჭი და რუდუნება, 
შენზედ აშუქა ღმერთმა წყალობად

***
გულია არსებითი 
მკურნალ თორნიკე ალაშვილს 

ფიქრი მომავალზე, მზარდი, ფასეული 
სფეროს ჩაქსოვილი, ზეცად ავლენილი, 
გვამცნობს და გვაუწყებს,_გულია არსებითი, 
ანუ საქართველო, _ ღვთისაგან რჩეული

***
 

ღირსების ფონი
ცხოვრებას იმკის…” შეგუებით,

 ვინც მორჩილია 
ტკივილს ტკივილით დაუამებს, 
ქმნის იდილიას 
მას კი, ართობდა სიშლეგე ნერვთა,
 სურდა ჩაყოლა ტკივილის ფესვთან
უჰ, ლომკა რაა, კბილის წრიალთან!..”, 

თითქოს მიენდო იმ კაცის ნათქვამს, 
ვინცნემსზე იჯდამრავალი წელი 
ხოლო ახლა კი, წვერგაბარდნილი,
 კაბით მორჩილის, 
მთაზე ბობოქარ მონასტრულ სივრცეს
ელტვის და ელტვის 

დაგეშილია მოძღვრისმცნებებითდა
მსახურებას ესწრაფვის ღვთისას, 

ესწრება ლოცვებს, კითხულობს დავითნს, 
გალობს ხმატკბილად, იძინებს გვიან 
მერე იღვიძებს სისხამზე ადრე, 
აახმიანებს ზანზალაკით
მონასტრულ სივრცეს 

და ძილმღვიძარე, სადღაც შიგნით
იჭვით შემკრთალი, 

ჩექმის ძირს მიწას
ბრჭყალივით მოსდებს
ისნემსზე იჯდასტანჯავდალომკაც!” _ 

უმწეო სულში მხეცის ღმუილი 
დღეს კი, საქმისგან არა აქვს მოცლა, 
აქვს პატივი და ღირსების ფონი _
ძმათა მსახური
წვრთნას _ წრთობა მოსდევს, 

ხორცი ლაგამს ხრავს 
ჩაჭედილია მორჩის ორმოში, 
გვერდდაბასრული
სიდამპლეიგი სულაც არ ხიბლავს, 

ვეღარ თამაშობს მასთან ავსული ***


***
შესაწირად მოჰყავთ კრავი 
შესაწირად მოჰყავთ კრავი, 
უკან მოსდევს ლამაზქალი, 
მოშიშვლებულ სხეულს ნაბავს, 
და მორჩილი, სახედ წყნარი, 
თვალს აპარებს, წამს იზოგავს 
მერე ლოცვით გონსა როზგავს, 
ლამობს იყოს მონანული, 
სურს არ ევნოს, კრავი შფოთავს 
და შესაწირს ემსგავსება
თავად ქალი 

მორჩილს შვენის მორჩილება, 
განა თავად არ ინება, 
ცოლი ანჩხლი და თავნება, 
არ ენახა, როს ისურვა
მთას დაედო მყუდრო ბინა, 

მონასტრულსა საძმოს შინა 
შესაწირად მოჰყავთ კრავი, 
მონარნარებს ლამაზ ქალი, 
და მორჩილი სახედ წყნარი
თვალს აპარებს, წამს იზოგავს 

კრავი შფოთავს
***
ფიქრი ამაოდ გაგივერანდა 
ამაოდ თრთიან შენი ბაგენი, 
ფიქრი ამაოდ გაგივერანდა, 
გამოგაცალა შიშმა საყრდენი, 
გული შემკრთალი იგდო მძევლადა 
მიწა დაძრულა, ზღვა ცად ასულა, 
მთვარე იმალვის _ ბუა მოსულა 
მზე არ ჩასულა, გაშეშებულა,
 უსაგნო შიში აღზევებულა 
ვინ შეგითანხმა შენ ფიფქთა ცვენა, 
წვიმა თუ თქეში, ქარის გაფრენა, 
ან სიო საით, როგორ დაჰბერავს, 
რარიგ შეურხევს კაბას ტანკენარს 
და პლანეტების ციურ აღსასრულს, 
მიწისძვრებს, წარღვნას, ქვეყნის დასასრულს, 
აქვს რიგი თავისი _ არსთა გამრიგე, 
განბანს და განწმენდს ათას უმადურს 
ამაოდ თრთიან შენი ბაგენი,
 ფიქრი ამაოდ გაგივერანდა,
 ნუღარ დადიხარ შიშით ნაგვემი, 
ნამცეცა იჭვი ნუ გაგიავდა
***
იფრინა სიტყვამ წრფელმა…
იფრინა ფიქრმა წრფელმა,
გადამატარა მთები…
დღეს მოეძალა სითბო და
ნიჭს სიმხნევე შვენის;
შვენის ქართული სიტყვა,
და მასპინძლობის ნიჭი,
ხმა დაიბოხა ბიჭმა,
მოშურნეს მოსწყდა კინწი…
***
გაგრძელება > პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

ჯანრი გოგეშვილი


სიზმრიდან ცხადში
პოეზია
***

Комментариев нет:

Отправить комментарий