понедельник, 26 апреля 2010 г.

პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili


***
შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი 

პოეტ რევაზ ლორიას ხსოვნას...
შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი,
ლექსის ამბორით გვეთქმოდა მთვრალი,
გულს სიყვარულით გადაგვიშლიდი _
არ მეშვებაო ლექსი ფირალი

ესარჩლებოდი იას და ტირანს _

ყვავილს, ვითომდაც ჩექმით გათელილს,
სხვა გულუბრყვილო გრძნობებით მყვირალს
გულს, გულს შეაკვდი სევდით დაფლეთილს

შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი,

სახელიც გქონდა ლექსის სამყოფი,
გულს სიყვარულით გადაგვიშლიდი და
სვამდი სურვილს ყოფნა-არყოფნის


შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი


***
გვედრი… 

გვედრი, აღანთე იმედი,
გამთენებელი ღამისა,
მიეც სიმძაფრე ღაღადისს
და გულს სევდით ნუ დანისლავ

წარმოჩინდება მერმისს წარსული,
ამონამღერი ახლებურად ახმიანდება,
დასამარდება შური მართული,
სიტყვა მომავლის ამობრწყინდება

***
ტერენტი გრანელს 

დიოდნენ დღენიდიოდი მარტოდ,
საგალობლებით
იმშვიდებდი მშფოთავ სტიქიას,
ტკივილთ შეცნობა განგებამ განდო,
მსხვერპლად გიხმობდა წმინდა მისია,
მოწამებრივად
შემოგაცვდა სიცოცხლე ხელში,

თუმც ვერ შესძელი
სევდისათვის მოგეღო ბოლო,

შენ დაბადებას დაამსგავსე
სიკვდილი ლექსში,

და პოეზიის იმღერე სოლო

***
ჰორიზონტს ავსებს სულ სხვა მირაჟი… 

წავიდა ის დრო, შენ რომ გეტრფოდა,
ქალი საამო და მომხიბლავი,
გზად რომანებთან ნათენებ ღამეს,
ტკბილად უმღერდა იასამანი

წავიდა ის დრო, როცა ბარათებს
მოჰქონდათ სევდა ნასათუთარი,
ფერფლად ცვიოდა წრფელი სახება,
გტანჯავდა ვნება იჭვით ნახარში

წავიდა ის დრო, ნუღა მისტირი,
იმ წარსულს ახლდა ბევრი ნიღაბი,
გაირღვა სივრცე, ცრემლი დადინდა,
ჰორიზონტს ავსებს სულ სხვა მირაჟი...

***

***
სისხლით ნაკვერი ჯაჭვის პერანგი 

ლადო ასათიანს 
ჩამომსხვრევია კოშკს ქონგურები
და ნატერფალი მოჩანს დევკაცის,
მრავლად ყოფილან აქ მომხდურები,
მაგრამ გვიცავდა ჯიში მთაკაცის

ფერა და ფერა მახვილი ქალმა,
ქალმაც აისხა მერე აბჯარი,
ბევრ ქაჯს უწია მისმა ისარმა,
წყალმა წაიღო ფლიდთა ლაშქარი

მერე შვილებმა იწყეს მოზიდვა
დევკაცის მშვილდის ნადიდგორალის,
სიკვდილმა ჩვენიც მრავლად მოთიბა,
კოშკს შერჩა სისხლი ნაამბორალი

სისხლით ნაკვერი ჯაჭვის პერანგი,
მთვარის შუქს ერთვის და წითლად ღუის,
და იკლაკნება მტერი ვერაგი,
კოშკს იქით, ხევში უღონოდ ყმუის
***
თქვენ გერჩივნოთ იალქანი… 

ქვენა ქარი, ზენა ქარი,ქარაშოტი, ქარიშხალი,
ბედისწერა და იღბალი,
დაგებედოთ ზურგის ქარი,
თუ გახელდა ნიავქარი,
არას გარგებთ გულთმისანი,
და საქარე ირიბანას,
თქვენ გერჩივნოთ იალქანი
***
აფრები შეაგებეთ კოსმიურ ქარსა


ასწიეთ ღუზა, აუშვით აფრები,
აფრები შეაგებეთ კოსმიურ ქარსა
მე მივემგზავრები პოეტურ პლანეტაზე
და მიმაქვს სამშობლოს განცდა
იქ, მე დამხვდებიან რჩეული კაცები,
ქალები იმშვენებენ ნაბოძებ მადლსა,
ლექსებით შეიცნობენ სიცოცხლის სიამეს,
ლექსებით მკურნალობენ უხიაგ აზრსა
ბავშვები იწვრთვნებიან გალობა_შეცნობით,
როკვაში სრულყოფენ მიწიერ სწრაფვას,
ქვეყანა შენდება სიტყვასთან ფერებით,
აფრები შეაგებეთ კოსმიურ ქარსა
***
ელვარებს სიტყვა ტაეპთა ფერში


ხსოვნაში მწველი შემორჩა განცდა_

ფიქრი სხეულის ტანჯულ ნაწილთა,

მოშურნის გული იცოხნის ღვარძლსა,

ეს კაცი, ასე რარიგ გაიწვრთნა

ნატვრა კი ხარობს, ყვავილობს ლექსში,

ღვივდება საზრდოდ სულის ღადარში,

ელვარებს სიტყვა ტაეპთა ფერში,

და მოაქვს სუნთქვა ზეცას სადარი

***

***
სიკეთე თავის მსხვერპლს ულოკავს იარებს… 

ნერვში ჩარჩენილი ტკივილი ვალმოხდილი,
და ბავშვის ტიტინი _ იმედი შრიალებს,
გულში ჩამარხული წყენა შელახული,
ბრძოლიდან გარიყული მისტირის იარებს
იმდენი რამ ითქვა, რა დარჩა სათქმელი
ქვეყნად უამრავი ქვემძრომი სრიალებს,
საიდან სადაო?!..”, კვლავ დუმს განდგომილი;
სიკეთე თავის მსხვერპლს ულოკავს იარებს
***
მოზიდული აქვთ მათაც ქამანდი… 

უხამსი ღამე
სიყვარულად გამოდნა ცაში
და ძალადობამ შვა გზნება წრფელი,
ამაღლებაა ამგვარ ვარდნაში,
მტევანთა ჭყლეტით დინდება წვენი

წვენი ბადაგი,დგება მაჭარი,
ფიცხელი ღვინო, ვნების ღადარი,
და ძალადობა ასე, ამგვარი,
შეიქმს სიყვარულს გრძნეული განხრით

მერმე ჩნდებიან ურჩი შვილები,
ნანადირევი ჩვეული ფანდით,
მიწაში მყარად უდგათ ფესვები,
მოზიდული აქვთ მათაც ქამანდი
***
ცერზე უზის ანი-ბანი 

მღერას თუ არ მოსდევს ბანი,ვაი
ისე ქვეყნის ბრალი;
მომავლისა ადევს ვალი,
ცერზე უზის ანი-ბანი

შეპარვია ვაჟკაცს ბანგი,
ლაგამს იჩრის ხაფხმოსანი,
თუ არ იგრძნო სიტყვის მადლი,
ვერ უშველის კალმოსანი

ცერზე უზის ანი-ბანი,
განი, დონი, მთლად ლაშქარი,
და ამგვარი აბჯროსანი,
ვერ გახდება ლანჩიფარი!
***
კვლავ სხივად იქცე

უიმედობის ბაწარს გრიხავს
ყოფა ვერაგი,
უშნო ჩივილით ვერ დააფრთხობ,
გიჯობს ადათი,
უნდა გამხნევდე და დაძებნო
რწმენის მარაგი,
ზეციდან მტრედი მოფრინავს და
მოაქვს ბარათი
ცას ეფერები და დედამიწას
მკერდზე აფურთხებ,
ვერ აგიხსნია აქ განცდილი
სიტკბო-სიმწარე,
იქნებ მომავლის ჩანასახი
სხვაფრივ გამოწვა
იქნებ, როგორმე ისე იწვრთნა,
კვლავ სხივად იქცე
***

***
ბევრს უნახავი დარჩა მთაწმინდა… 

ზერელე კაცის ზერელე ქირქილს,
ხშირად ვაჟკაციც კი დაუგესლავს,
და ფლიდი ყოჩის უბირი ზრახვით
მრავალი მორჩი შფოთს მიეკედლა

ბევრს უნახავი დარჩა მთაწმინდა,
ვარძია, გრემი და ნიკორწმინდა
და შემართება ჯიშით ნაფერი,
ვეზირთ ღალატმა, ისევ დაწიხლა
***
სულთა ერთობით… 

დაინგრეს უნდა,
დასანგრევი
უნდა დაინგრეს
მაგრამ ისე, რომ ნანგრევებზე
მადლი დადინდეს
და აღმოცენდეს 
საქართველოს გამობრწყინება,
სულთა ერთობით საძირკველი
ზეცად განმტკიცდეს
***
ქართულ სულს კორტნიან, იმედი გაწბილდა

-
ამბავი მომიტანეს, გუშინ გამომთვრალხარ!..
-
დიახ, ძმათაძმაო, ღვინის სმა მომინდა
-
ყანწი, ბოკალი ზედიზედ დაგიცლია?!
-
მოყვარეს ვმასპინძლობდი, საამოდ ბარდნიდა

-
ამბავი მომიტანესთავი დაგიდვია
-
განცდას სიტყვა მოჰყვა და ლექსად დაღვინდა,
უბრალოდ, დამღალა ყოფითმა რიარიამ,
და ყოფნა ამქვეყნად საშინლად გაძვირდა

თუმც, ვცდილობ ტკივილი ღირსებით ვატარო,
გატანჯულს არ მძინავს, და სევდაც წამიხდა
უღირსნი ბოგინებენ, შემოქმედთ სდევნიან,
ვერ ვბეჭდავ ლექსებს და შემსტირის წიგნის ყდა

ძმად მოსულს მივენდე, მან კი გადამაგდო,
თავის დასაძვრენად ნაღვაწი გაკილა;
ამბავი მოგიტანეს, ვერ იხდენს ამაგსო,
ქართულ სულს კორტნიან, იმედი გაწბილდა
***
მწირს ცა იტყუებს, ვითარც სენაკი

მიტოვებული მღერის ასაკი,
იქნებ სიბერე, ჯერ არ განვლილი,
არც წარსული და არც მომავალი,
ბედი აწმყოსთან გადახლართული

მიტოვებული მრერის ასაკი,
სევდით აღგზნებულს უხმობს სიკვდილი,
სიკვდილის კვალად უცილო ხვედრი,
ხვედრი ამქვეყნად გადანახული

მიტოვებული მღერის ასაკი _
სასიყვარულოდ გამოზოგილი,
მწირს, ცა იტყუებს, ვითარც სენაკი,
მკურნავი ადლით გადაზომილი
***

***
დახვედრა ჰქონდათ ფიქრში… 

გაირღვა სივრცე და
ცრემლები დადინდა,

გაიბა წვეთების მძივი,
შუქი შემოფრინდა
ციცქნა სარკმლიდან,

მიწა შეიმოსა ფიქრით

ქართველებს ჩაუტკბათ
ჰარი და ჰარალე,

მტერმა კი უმატა კიჟინს
ბარტყი ჩაფრთხიალდა
ბუჩქნარში ბუდიდან,

ასპიტმა მოუხშირა სისინს.

ლეკვი დაიძაბა,
შეჰყეფა, შეღრინა,
გველი ჩასრიალდა თხრილში
ქართველებს ჩაუტკბათ
ჰარი და ჰარალე,
დახვედრაჰქონდათ ფიქრში

***

სანამ შენ ლექსს წერ… 
სანამ შენ ლექსს წერ,
მთავრობაში ლეწავენ კალოს,
ბაღ-ვენახებს და სარწყავ-სათიბს
ქე უყვეს ლელო,

შენ, ქართველ მწერალს
არ შეგარჩინეს ამ მიწის ღეროც,

მართალი სიტყვის მეაბჯრესო, _
სიმართლითევლოს
***
სულში კი კვნესის ობოლი სიმი 

ვითომ სწავლული ფლიდური აზრით
ტაეპში მარცვლებს ითვლის და ნომრავს,

იკცვნეხის _ უწყის სტროფიკის არსი,
ყალბ განცდებს არგებს სონეტის ფორმას

სულში კი კვნესის ობოლი სიმი,

გთხოვს განმარტოვდე და შეიბრალო,
ძალად მორითმე აგრძელებს სისინს,
დროა, იმარჯვო და გაეცალო
***


მანქურთი რომ ხარ... 

მანქურთი რომ ხარ, ვიციძამია”,
მაგრამ პოეტის სახელი გქვია,
და როგორც ჩემსას, ისე ითვლიან,
შენს ხმას, _რომელიც სხვა ხმის ფინტია...
***


***
როკვას დაიწყებს

ამ სატკივარსაც წლები წაიღებს, _
მშფოთვარე სულის ლაღი სიზმარი,
ზეცად ვარსკლავი როკვას დაიწყებს,
თავის დროს ელის შენი იღბალი
***
ტაეპებს შეაბა ფრთებად...

ეულ ფიქრსაც ხომ უნდა ნავარდი,
ხომ ეტრფის ცის მიღმა ფრენას
პოეტურ სევდასაც,
იაგო სამკვიდრო,
ტაეპებს შეაბა ფრთებად
ოცნების კოშკი რომ ზეცაში აიგო,
ის ქალი, ვერ ამაღლდა, ღელავს
წრფელ გრძნობას უგანა და შერჩა
სხვა მხარეს,
ალბათ ღრნის ნანატრის სევდა
ბევრისთვის შირმაა სამშობლოს ტრფიალი,
შოუა მთავარი თემა,
შოუში დაცმუკავს ის ბავშვი ტიკტიკაც,
მალულად ნესტოებს ბერავს
და მაინც, ლექსები ეული პოეტის
მის ზრახვას სიკეთით ნექტრავს,
ბებომ, რომ ვერასგზით იგუა, შეიშნო _
იმ სევდამ ასწავლა სიზმრებში ფრენა
***
შერჩა მისი იარაც


ვფურცლე ძველი გაზეთი:
ეჰ! ის ბიჭი მომკვდარა!..
როგორ ძლერ უყვარდა,
ქეიფი და გიტარა
ხელოვნების სამსხვერპლოს
შერჩა მისი იარაც,

ამ ქვეყნიდანიმამდე”,
სულ ხმაურით იარა,
ბოლოს ცივი სამარე,
სოფლის ბოლოს იკმარა
***
სხივს აკლდება კოსმიური შუქი…


გარიგება, მორიგება, შერიგება,

მერე, ისევ ავარდნა და ომი,

დახეთ, აგერ პოლიტიკურ ასპარეზზე

გაუმართლა ხეპრესა და გოიმს…

სხივს აკლდება კოსმიური შუქი,

გონს, ამ გულის ცოტა რამ თუ ესმის,

ღმერთო, კვლავაც შეგვაშველე სიტყვა,

რომ გულმართლად შევეგებოთ მერმისს…

***

იცოხნის…


ვინც შეეხიზნა საქვეყნო მიზნებს…
იზოგავს თავის ”ელპოლიტსივრცეს”…
გზად, დანაპირებს საქმეს არიდებს,
იცოხნის თავის პროგრამულ მიზნებს…
***



***
ძალზე ხშირად ტყუის ფასადი


შეხედავ უცებ,
კაცია და მერე რა კაცი,
სენატს მჯდომარე,
შესახედად
ყოველმხრივ ვარგი,

მაგრამ, ვაი რომ ზნე და ნირით
ჯობია ვაცი,

რომელიც ცხვარს წინ მიუძღვება,
მეკვლეა კარგი
შეხედავ უცებ,
კაცია და მერე რა კაცი,
მაგრამ ტვინს შიგა
ჩარტყმული აქვს
უსახო შტამპი,

მწირი შაბლონი,ტრაფარეტი,
გაცვეთილ აზრის,
ძველი ყოფისგან
სერიული ნიშნით
ნაშტამპი

შეხედავ უცებ,
კაცია და მერე რა კაცი,
თუმც, საღ აზრს უყეფს,
მყეფარია,სხვაფრივ ნაცადი
ძველ პატრონს
უქებს
ძველ არაკებს,ხეპრული განცდით,

ასე, ამგვარად,ძალზე ხშირად
ტყუის ფასადი
***

ერთ ლოცვად არ ღირს…


პოლიტიკური დავა, ყაყანი

ხშირად, ერთ ლოცვად არ ღირს…

ჯოგი ჯოგია ჩემო კარგო,

ათასჯერ თქმულა _

ჯოგურ პრინციპით ძოვაა კარგი…

***

ჩაუხმა ფესვი…

ვერ აპატია მან პოეტს ლექსი,

ქართული სიტყვა ვერ აპატია,

და მის პარტიას ჩაუხმა ფესვი,
ღვარძლმა გამოხრა მისი ”ქარტრია”!...
***
”შავი ხვრელი”

ვიღაც არის ქვეყნის კვამლი _
სხვათა აზრის მჩხიბავი,
ქველთა ნიჭის, შემართების
უთავბოლო მქირდავი,
ზოგიც გახდა ”შავი ხვრელი”,
ზოგიც კიდევ პრისტავი,
ამ ქვეყნისა გამომჭმელის,
ფშუტე ფუტის ჭიპლარი…
***
იმედს ნუ მოიშლი…

ყოფის უღელი გზას თავად არჩევს,
საზრუნავს მოგდებს კურტანივით…
არაქათს გაცლის…
იმედს ნუ მოშლი, ფხიზლად, გაუძელ!
კაცს ლოცვა კურნავს და სიტყვის მადლი…
***
***

უსტვენს ძველი მარშიდან... 

ფიქრთან ფიქრმა მოისვენა
და გააბა ბაასი,
უჩინარი სივრცის ვნება,
არის ახლა მთავარი,
შეახვია მთვარემ შუქში
ღრუბლის მკრთალი მანდილი,
და გამოჩნდა ბებერ ცაზე
ხომლი სევდით დაღლილი...
ჩაიხერგა ტრაფარეტით
ამ სამყარიოს ვებ-გვერდი,
აგერ ჩიტიც პაწაწინაც
უსტვენს ძველი მარშიდან...
იქნებ ღმერთმა სხვაგვარი ხმა
და სხვაგვარი ნოტი,
შეაწიოს კაცთა მოდგმას
სამომავლო სკივრიდან...
***
ცისარტყელა რასათა მცნების


შემოფრინდება ლამაზი სიტყვა,
სხვა ქვეყნის ლექსი
მოაქვს ფერთაღქმა,_
სხვა სურნელი მიწის და ზეცის
სულში ყვავილობს
ცისარტყელა რასათა ცნების
და მითიური ნეოსფეროს
ჩაგვესმის ხმები...
***
მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით...

ჩამოიღვარა 
ფანტაზიის უცხო ნაყოფი,
აცდუნა სული 
და აამბოხა
მან მიატოვა ყველაფერი,
გადაიკარგა,
მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით,
სადაც დასახლდა,
იქ დაასახლა და
როგორც იქნა,

მისი ალერსით 
იჯერა გული
***

სასწაულის სასწაულს მოჰგავს… 

ხვეული ციფრი აადვილებს
სამყაროს აღქმას,

ხვეული გრძნობა უფრო ნაზს ხდის
ძუნწ თანაგრძნობას,

იქნებ მის გულსაც დავიწყნია
საბრალოს ლტოლვა,

და ჩალექილი გესლი იწყებს
ძარღვებში ლღობას

ვიღაც იძახის,

მოაშორეთ , მაგ კაცს ბრჭყალი!
დე, მოამძლავროს თვის ლექსებში
სამშობლო-მკვი
დრი
და თვალს გაახელს
მზის სხივებში თავნება ფიქრი _
კაცნი სამყაროს შეიცნობენ
ამგვარი რიტმით


თუმც გაღვიძებას მოახერხებს
ძალიან ცოტა,

რომელიც, ალბათ სასწაულის
სასწაულს მოჰგავს

ვინმეს თუ ბოჭავს,
ის ჩამტკბარი სურვილი ბოჭავს,
ვნებათა შტორმი,
სახვალიოდსულში, რომ ჩაფლ

***

***
იქნებ მზის შუქმა ჰპოვა

თავს შეუძახე, უნდა განახლდე,

უნდა აღივსო რწმენით,
მრავალი დღე და მრავალი ღამე
უმტვრიე ვერაგთ ბჭენი


მაგრამ ქვეყანა მაინც იმასვე
იცოხნის, რაც რომ ძოვა,

დღენი ნათელი და უზაკველი
იქნებ მზის შუქმა ჰპოვა

***

სხეულთან ვეგდე


ვიღაცის პალტოდან, და თუნდაც თავიდან

ბეწვს უნდა კრეფდე!”, ეს ყოფა, ამგვარად

გმოძღვრავს და გაჩეჩებს ნაყალბებ ფერებს

შენ კი, გეშს უხმობ და

ლექსებში იკაჟებ ნერვებს,

ღმერთო, შემინდე, სხეულთან ვეგდე


***


დაბერებასაც ნიჭი უნდა


დაბერებასაც ნიჭი უნდა,

ნიჭი მოვლისა,
საკუთარ თავთან დაზავების,
დამეგობრების,
გაფანტულ ძალთა შემოკრების
და განმტკიცების,

ნიჭი დათმენის, შემეცნების,
სხვა შემართების
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი მორჩილი,
ნერვთა და კუნთთა დამგეშავი,
სიმხნევის მჩენი,
ნიჭი მეოხი, შემწედ მისვლის,
ჭირთამძლეობის,
დარდთან მოქნილად გამკლავების,
განმარტოების
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი უდრეკი,
დროის სივრცეში შეღწევის და
გადანაცვლების

ნიჭი სრულყოფის მოწადინე,
ლოცვით ნაგეში, _
ცნებასიკვდილთანმოთამაშე,
ფერიცვალების
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი მოვლისა
***
***
თავად იქნა სივრცის მჩენი 

იშვა თემას გაცილებულ
სურვილების უცნობ რკალში

შეუმჩნევლად გამორჩეულს
კოსმიური ედგა სახლი


ჰქონდა ალღო, მოწოდება
ძველი კორდის ხვნა-თესვაში,

და ამგვარი სიყვარულით
სიტყვის მადლსაც ედგა მკაში


აღნაგობით გახლდათ სრული;
რიდი ჰქონდათ, შიში ქიშის,
ავი გეზით თავგასულნი,
მკლავთა მისთა მოხვდნენ ჩიხში

ჯიშით, სულით, არსით სრულით,
ვერ იგუეს ორგულ კაცთა
და ღალატით დაბასრული,

მათ ნანობდა, ვინც, რომ გასცა

მაგრამ ქვეყნის მსახურება
მცნებად ჰქონდა და არც წა
ხდა,
განმტკიცდა და გამთლიანდა,
და ოცნებაც სხვაფრივ ახდა

როს განივრცო რკალი იგი,
შესაცნობად გახდა წრფელი,
ერთმანეთი შორით იგრძნეს,
თავად იქნა სივრცის მჩენი
***

***
ბოლოს ცხადდება… 

ბოლოს ცხადდება,

რომ უშუალოს
ჰყოლია შემწე,

რომ უპოვარი,
სულაც არ გახლავთ
თურმეგლახაკი”,

რომ ღმერთი შველის
ხრიკებით უწვრთნელს
და სამომავლოდ
ნათელს უქადის


ბოლოს ცხადდება,
რომ ულაშქროსაც,
მარტოკა მებრძოლს,
მხედრებს მოუვლენს
მტერთა რისხვად ქმნილს,

რომ უმოსელსაც
დიდებით მორთულს,

ძალა ეძლევა
სივრცის დალაშქვრის


ბოლოს ცხადდება,
რომ მოძულე
ხდება მოყვასი
და მისხის მისხი
ჯიშით იქადის

რომ ღმერთი შველის
ხრიკებით უწვრთნელს
და სამომავლოდ
ნათელს უქადის
***
***

ნერვთა პერანგით 

კუნთი კუნთია,
წარმოადგენს საბრძოლო ძალას...
და კუნთის ნერვი
მიუყვება შეგნების აღმართს...

არბილებს ბიძგებს
და მომხდურსაც დაეტყო დაღლა,

ძალა, ძალაა
თუ შეუყვა აღმართსაც დახნავს...

...
კუნთი კუნთია,

წარმოდგენს საბრძოლო ძალას...
კუნთთა ლაშქარი
ჰქმნის მტკიცე აბჯარს,

მფარველობს სისხლძარღვთ,
სიცოცხლის ნაკადს,
მძლე ნებისყოფის უჩინარ საფარს...

...
გულის კუმშვად ფესვს
არა აქვს მოცლა,

სუნთქვის ქანქარა
არ ცხრება კვლავაც,

ჯანსაღი ნერვი
აღავლენს სწრაფვას
და შემართებას აძლევს
შნოს, ლაზათს...

...
კუნთი კუნთია,

დაკუნთული მსოფლიო ღელავს...
და მგრძნობიარე სისხლის ტალღა
ბელადსაც კვერავს...

კუნთო იფხიზლე!
არ ჩააქრო შეგნების კერა,
ნერვთა პერანგით შემოსილი
სამშობლო ფეთქავს...

...
კუნთი კუნთია,

წარმოადგენს საბრძოლო ძალას...
და კუნთის ნერვი მიუყვება
შეგნების აღმართს...

კუნთთა ლაშქარი
ჰქმნის მტკიცე აბჯარს...

ძალა, ძალაა თუ შეუყვა,
აღმართსაც დახნავს...
***

მწიგნობართა ლოცვა, წმინდა

ვინცა იყო გადამწერი,
ან აკინძაღვაწლიწიგნად,
ვინც ჩააწნა ანბანს სუნთქვა,
მესახება ქველად, გმირად

ვინც აცოცხლა მგოსნის ლექსი,
ზღაპარი თუ მჭევრთა სიტყვა,
გაუმაგრა მკითხველს ფესვი,
მოევლინა ეულს მისნად,

ვერ ეღირსა დაფასებას,
და უშურველ საქებ სიტყვას,
მათ ამაგს და შემართებას
მწიგნობართა ლოცვა, წმინდა
***


***
ზედაზენის გზაზე … 

გზნებამ ლაღად ამოზრდილმა 

წინაპართა ფარზე,
გვიმეგზურა
გვიმეგობრა ზედაზენის გზაზე,
ტყის მშვენებით მოხიბლულნი 
აღმართს მივეძალეთ,
სილურჯეში
თეთრ ღრუბლებთან 
სწრაფვა განვიახლე

ზღაპრულ ფერთა ჰარმონიამ 
სხვა ოცნება ქარგა,
ცად გამოკრთა ნატერფალი 
ღირს ასურელ კაცთა,
გამახსენდა დრო წარსული
ჭაბუკთ რაც გადაგვხდა,
როს ტაძრამდე ვიპაექრეთ 
პოეტურმა დასმა

აღარ მივდევ მე იმ სევდას
მაქვს მომავლის განცდა,
თუმც, ასაკი მომეძალა
ვერ დავუშვებ ფარდას,
ჩემს სპექტაკლში, ჩემი სცენა 
უფრო მწველი გახდა,
იმ ოცნებას ვერ ვეშვები 
სიზმარში რომ ახდა

ფიქრმა ლაღად ამოზრდილმა 
წინაპართა ფარზე,
ტაძრის კედლებს მიგვაახლა
თავნი მოვიმდაბლეთ,
ლექსის სიბრძნე გურამიშვილს 
აეზიდნა ცამდე,
ვილოცე და გულს მივენდე
სული დავიამე… 
***

ვინ სად იშენებს სალოცავ ტაძარს


იღუმენია მარიამ გოგეშვილის ხსოვნას
გურიის ლამაზ მონასტერს მთისას
დაჰკრავს სურნელი დედათ ლოცვისა,

და მწვანე მდელოს, საბუდარს სხივთა
ათრთოლებს ფიქრი მარიამისა


ამა მონასტრის ამღორძინებლის
საფლავის ქვაი აღარ ჩანს უკვე,

საქმეთა მისთა განმაახლებელთ
მოუხმარიათ საშენ ქვად იქვე


ვინ სად აშენებს სალოცავ ტაძარს,
ზოგი მწვერვალზე და ზოგი ბარად,
ზოგი სხეულში ამკობს უდაბნოს,
ზოგი ცის თაღთან ოცნებას ლამბავს

შენების ნიჭი მართლაც ნიჭია,
მართლაც მადლია შენება ახლის,
მაგრამ სხვაგვარი მადლის მადლია,
მოვლა ხსოვნისა პირველმეტაძრის
***


ჯანრი გოგეშვილი

სიზმრიდან ცხადში
პოეზია
=======
***
გაგრძელება> პოეზია*** სიზმრიდან ცხადში *** ჯანრი გოგეშვილი / P...

***

***

***
***

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

========
  • =======
  • © გახსოვდეთ!..
    ”საავტორო უფლება”


***

Комментариев нет:

Отправить комментарий